თბილისის მერიის 2020 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება

თბილისის მერიის 2020 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება. როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ძირითადი მიმართულება, რაზეც ეს თანხები დაიხარჯება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლებაა.

„პირველ ეტაპზე ჩვენ წარმოგიდგენთ ბიუჯეტის პროექტს, რომლის ოდენობა იქნება 1 მილიარდ 20 მილიონი. ამას დაემატება გარდამავალი ნაშთები, რომელიც აწევს 1 მილიარდ 100-მილიონამდე და პლუს დაემატება EBRD- სთან ერთად შესასყიდი 200 ავტობუსის ღირებულება 65 მილიონი ევროს ექვივალენტი ლარში, რაც ჯამში 200 მილიონია. ჯამურად 2020 წლის განმავლობაში თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტის ჭერი 1 მილიარდ 300 მილიონ ლარზე იქნება, რომელიც უპრეცენდენტო მაჩვენებელია. აქედან, დაახლოებით, 50%-მდე არის მიმდინარე ხარჯები, 500-600 მილიონამდე ინფრასტრუქტურული ხარჯები. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ხარჯები არ მცირდება და ეს არის დაახლოებით 338-მილიონ ლარზე დაგეგმილი. წლევანდელი წლისგან განსხვავებით, 2 მლნ ლარით არის მომატებული.

ძირითადი მიმართულება, რაზეც ეს თანხები დაიხარჯება ისევ და ისევ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება. მოხდება 200 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე დააანონსა, რომ ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს 650 ერთეული ავტობუსის ჩანაცვლებას, მოვახდენთ დამატებით 100 ერთეული ავტობუსის შესყიდვას. ამაზე ახლავე გამოცხადდება ტენდერი, რისთვისაც 35 მილიონი ლარი გამოყო მუნიციპალიტეტმა. ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ გავაუმჯობესოთ ხარისხი, არამედ გავზარდოთ ავტობუსების რაოდენობა და შევამციროთ მოცდის დრო გაჩერებებზე",- განაცხადა ხმალაძემ.

გარდა ამისა, ხმალაძის თქმით, მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, მერია მომავალ წელს რამდენიმე დიდი გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს.

"ქუჩების რეაბილიტაციის პროგრამა გაგრძელდება. ეს იქნება წერეთლის, ვაჟა ფშაველას და ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია. შემოდგომაზე დასრულდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. ასევე მოხდება გუდიაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთის და ასევე ფურცელაძის ქუჩის ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

ასევე გაგრძელდება ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება. ბინათმშენებლობების დაფინანსება იზრდება. ამხანაგობების დახმარება კიდევ უფრო ინტენსიური იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ასევე გაიზრდება გამგეობების დაფინანსება 17 მლნ ლარით, რაც მოემსახურება გზებს და კეთილმოწყობითი სამუშაოებს",- განაცხადა ხმალაძემ.