თუ ეს არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა პროექტები, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სამგორიდან ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტზე საუბრისას განუცხადა. ირაკლი ხმალაძემ დაადასტურა, რომ მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ILF-მა ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ჩააბარა, თუმცა, აცხადებს, რომ დოკუმენტი ჯერ განხილული არ არის.
"ჩვენმა კონტრაქტორმა კომპანიამ, ILF-მა ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი წარუდგინა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. ჩვენ ჯერ არ განგვიხილავს ეს დასკვნა. როგორც კი განვიხილავთ, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედება როგორც ტექნიკური, ასევე ეკონომიკური ფაქტორები და აქედან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტი, რომელიც 150 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება. შესაბამისად, მისი ეკონომიკური ნაწილი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის შესაბამის ეფექტურობას უნდა შეიცავდეს და იმ რაოდენობის მგზავრებს უნდა ემსახურებოდეს, რისთვისაც ღირს ამ ოდენობის ინვესტიციის განხორციელება. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი და მუნიციპალიტეტი მზად არის, უბრალოდ, აქ არის საუბარი პრიორიტეტებზე. თუ ეს არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა პროექტები, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამ ეტაპისთვის მე ვერც ერთ ვერსიას ვერ დაგიდასტურებთ. როგორც კი გვექნება ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია, შეგატყობინებთ", - განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის, თბილისი მერიამ დაახლოებით ერთი წლის წინ დააანონსა, რომ თბილისში სამგორი - ლილოსა და სამგორი - აეროპორტის მიმართულებით, მიწისზედა მეტროს პროექტების განხორციელება იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, მერიაში აცხადებდნენ, რომ მიწისზედა მეტროს პროექტი შესაძლოა ასევე განხორციელებულიყო ლილო- რუსთავის მიმართულებითაც.