„მერია უახლოეს დღეებში 100 ახალი ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერს გამოაცხადებს, რომელიც სავარაუდოდ, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნება"

თბილისის მერია უახლოეს დღეებში 100 ახალი ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერს გამოაცხადებს, რომელიც სავარაუდოდ, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტობუსების პარკის განახლების შემდეგ მოცდის დროც შემცირდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო, არის და დარჩება ყველაზე აქტუალურ თემად ქალაქის გამოწვევებს შორის.

იცით, რომ ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მოვახდინოთ მათი ჩანაცვლება ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით. უკვე გვაქვს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები.

ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს შეისყიდა მუნიციპალიტეტმა 145 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი. ამის შემდეგ ჩვენ შევისყიდეთ 310 ერთეული ავტობუსი სხვადასხვა ზომის და დაწყებულია მოწოდება, რაც წლის ბოლომდე დასრულდება. ზოგადად, ჩვენი ავტობუსების პარკი შეადგენს 650 ერთეულს. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა ამ პარკის განახლება, ჩანაცვლება ახალი ავტობუსებით. პარალელურად, ჩვენ გვაქვს რაიონები, უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს. ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდია მოცდის დრო. შესაბამისად, ამ სატრანსპორტო პოლიტიკაში მთავარი მიმართულება იქნება მოცდის დრო შევამციროთ და იქ, სადაც საერთოდ არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაჩნდეს ავტობუსები, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება. შესაბამისად, მოგვიწია მუშაობა ბიუჯეტზე და გამოვნახეთ დამატებითი სახსრები იმისთვის, რომ მომავალ წელს შევიძინოთ დამატებით 100 ერთეული ავტობუსი. როდესაც პარკი ჩანაცვლდება და 650 ავტობუსი გვეყოლება, გვინდა, რომ 100 დავამატოთ და მოცდის დრო, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ბევრ რაიონში და კონკრეტულ უბნებში, შევამციროთ. ამ დამატებითი ავტობუსებით შევძლებთ მომსახურების ხარისხი გავაუმჯობესოთ და პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოვაგვაროთ",- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 650 ავტობუსის სრულად ჩანაცვლება მომდევნო წლის პირველ ნახევარში დასრულდება.