საქართველოში მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების ნაწილს მართვაში პრობლემები აქვთ. არის შემთხვევები, როდესაც უკმაყოფილო ვიზიტორი ამა თუ იმ სასტუმროს შესახებ სოციალურ ქსელში ნეგატიურ შეფასებას წერს. უკმაყოფილო სტუმარი კი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ მენეჯმენტი სასტუმროს შესაბამისად ვერ მართავს და მომსახურება სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული არ არის. პრობლემებზე საუბრობს ექსპერტი ქეთევან ცაკაშვილი, რომელსაც განათლება ინგლისსა და საფრანგეთში აქვს მიღებული, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო „აკორი ჯგუფის“ დირექტორი და მართავდა სასტუმროებს პარიზსა და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, ამჟამად პარიზში KLT სტრატეგიისა და ოპერაციების კონსულტანტია.
ქეთევანი აცხადებს, რომ ამის მთავარი მიზეზი კვალიფიციური კადრების სიმცირე, არაპროფესიონალიზმი და დაბალი ხელფასია. არადა, საქართველოში, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 3 და 4-ვარსკვლავიან სასტუმროებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. დასავლეთის ქვეყნები თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს კარგად მოერგო და მცირე-ნომრიანი სასტუმროების მართვაც მაღალ დონეზე აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე.
„ქვეყანაში არასაკმარისია სასტუმროს და ტურიზმის მიმართულებით პედაგოგების რაოდენობა, რომლებიც ადამიანებს ამ პროფესიას შეასწავლიან. გარდა ამისა, პრობლემაა ნეპოტიზმი, დაბალი ხელფასი, არასაკმარისი ზრუნვა თანამშრომლებზე და მათ კეთილგანწყობაზე, და რაც მთავარია, არასაკმარისი კანონები დასაქმებულების დაცვაზე“, - განაცხადა ქეთევან ცაკაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში 3 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების აუცილებლობა განპირობებულია მოთხოვნის ზრდით. კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში, უმეტესი ტურისტები სტუმრობენ განვითარებადი ქვეყნებიდან, რომელთა ფინანსური შესაძლებლობა ქმნის პატარა სასტუმროებზე მოთხოვნას.
მისივე განცხადებით, საქართველოში მცირე ზომის სასტუმროების ოპერატორების (მმართველის) ბიზნესი ჯერჯერობით ქაოტურია და განვითარების ბევრი შესაძლებლობაა.
„დღესდღეობით საქართველოში გვყავს რამდენიმე საინტერესო და წარმატებული ოპერატორი, მაგრამ საკმაოდ დიდი ადგილი არის დარჩენილი პროფესიონალი ოპერატორებისათვის, რომლებიც გვერდში დაუდგებიან საქართველოს ეკონომიკას და შეეჭიდებიან მსოფლიო ბაზრის ელვის სისწრაფით ცვალებად ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება, რადგან კონკურენცია სწრაფად იზრდება როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში“, - დასძინა ქეთევან ცაკაშვილმა.
ერთ-ერთი წარმატებული ოპერატორია „თეისთ გრუპი“, რომელიც ბაზარზე სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა. როგორც კომპანიის დირექტორი თინათინ გურაშვილი აცხადებს, „თეისთ გრუპის“ შექმნის მთავარი მიზანიც სწორედ სასტუმროების მართვაში არსებული პრობლემები გახდა.
„ადგილობრივ ბაზარზე მცირე ზომის სასტუმროების მენეჯერებს ხშირად სჭირდებათ უფრო მეტი და მრავალმხრივი კომპეტენცია სასტუმროს წარმატებით სამართავად. ბუნებრივია, რომ სასტუმროს წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე (დატვირთვები, მომსახურება, ადამიანების მართვა/განვითარება და ა.შ.) მრავალმხრივი კომპეტენციების ერთდროულად განვითარება და დაგროვება ერთ მენეჯერში საკმაოდ რთულია. ამასთან, რთულია მსგავსი მენეჯერების აღმოჩენა, თუმცა ვიცით, რომ ასეთი პროფესიონალებიც არსებობენ. მაგრამ მათი შენარჩუნება და მოზიდვა 3-4 ვარსკვლავიან მცირე ზომის სასტუმროში თითქმის შეუძლებელია კარგი ანაზღაურების პირობებშიც კი. თითოეული მიმართულებისთვის ცალკე კომპეტენტური კადრის გამოყოფა საკმაოდ დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. შედეგად, მცირე ზომის სასტუმროებს ხშირად სრულად არ აქვთ პოტენციალი ათვისებული, როგორც გაყიდვების, ასევე მომსახურების, თანამშრომლების შერჩევის, სწავლების, მოტივაციის და სხვა კუთხით.
რა თქმა უნდა, ამ ფაქტების გათვალისწინებით სასტუმროებს ხშირ შემთხვევაში აქვთ უარყოფითი შეფასებები მომსახურების ხარისხის მიმართულებით ან/და ვერ უზრუნველყოფენ სასურველ შედეგებს დატვირთვების მიმართულებით.
დღეისათვის საქართველოში ოპერატორების ბიზნესი ძირითადად მაღალი კატეგორიის სასტუმროებში და ქსელებშია განვითარებული. არის რამდენიმე ოპერატორი კომპანია, რომლებიც 3-4 ვარსკვლავიან სასტუმროებს მართავენ, მაგრამ უმეტესწილად მათი პროდუქტი უფრო გაყიდვების აუთსორსია და არა სასტუმროს ოპერირება.
ჩვენი კომპანია 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროების მფლობელებს ვთავაზობთ გრძელვადიანად სასტუმროს მომგებიანობის ზრდას, რაც გულისხმობს ისეთი ამოცანების გადაჭრას, როგორიცაა:
ჩვენი გუნდის სტრუქტურაც ისეა მოწყობილი, რომ სტრატეგიულ ამოცანებს განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები ჰყავთ, რომლებიც თავ-თავისი მიმართულებით ზრუნავენ ჩვენი ქსელის მმართველობის ქვეშ არსებული სასტუმროების განვითარებაზე.“ - განაცხადა თინათინ გურაშვილმა.