”თბილისის ბიუჯეტმა 10 მლნ ლარზე მეტი დაკარგა”

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის წინა მთავრობისა და "ლიბერთი ბანკის" გარიგებით, თბილისის ბიუჯეტმა 10 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა.

როგორც ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ შეისწავლა მერიასა და "ლიბერთი ბანკს" შორის 2010 წელის 26 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ. ნარმანიას ინფორმაციით, აღნიშნული ბანკი მომსახურების გასაწევად მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

როგორც ნარმანია განმარტავს, ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი მერიის ანგარიშებზე არსებულ მიმდინარე ნაშთებს სარგებელს არიცხავდა წლიური 16,05%-ის ოდენობით ლარში არსებულ თანხებზე, 11%-ს აშშ დოლარში არსებულ თანხებს და 8%-ს ევროში არსებულ თანხებზე, თუმცა 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება და ეს პროცენტები სრულიად გაუგებრად შემცირდა.

"2013 წლის 17 აპრილს, მერიასა და ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება 2010 წლის გარიგებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც საპროცენტო სარგებელის დარიცხვა შემცირდა და განისაზღვრა შემდეგნაირად - მინიმალური ზღვარი 40 მილიონი ლარის ქვემოთ არსებულ თანხას ამჟამად ერიცხება 16,05% ლარებში არსებულ ნაშთებზე, ხოლო 40 მილიონ ლარზე ზემოთ არსებულ ნაშთს 4%. აშშ დოლარში არსებულ თანხებს ერიცხება 2%, ხოლო ევროში არსებულ თანხებს ასევე 2%. ვხედავთ, რომ პროცენტები საგრძნობლად არის შემცირებული, 40 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე განისაზღვრა 4%, იმ დროს როდესაც ნაშთზე არსებული თანხა უმეტესწილად 40 მილიონ ლარზე მეტია. დარღვევა არის ის, რომ მოხდა ბანკის ანგარიშზე არსებულ თანხაზე დარიცხული პროცენტების შემცირება, რის გამოც თბილისის მერიამ 10 მილიონ 500 ათასი ლარი დაკარგა. თუ პროცენტების შემცირებაზე შეთავაზება ბანკის მხრიდან გაკეთდა, მაშინ მერია არ უნდა დათანხმებულიყო და უნდა მოეძებნა ახალი ბანკი, ხოლო თუ მერიის მხრიდან იყო ეს შეთავაზება, მით უფრო უარესი", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობა ეჭვობს, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული ცვლილების შეტანა განპირობებული იყო გარიგებითა და კერძო ინტერესებით, რის გამოც მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების ნიშნები არ გამოირიცხება. აქედან გამომდინარე, ნარმანიას თქმით, მოძიებული დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა და სწორედ სამართალდამცველი ორგანოები დაადგენენ 2013 წლის ხელშეკრულების რეალურ მიზანს და ასევე,შესაძლო კერძო ინტერესებს.

"ლიბერთი ბანკი" თბილისის მერის განცხადებაზე საპასუხო განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებს. ამის შესახებ "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლადო გურგენიძემ განაცხადა.