საქართველოში ინტერნეტ-მმართველობის რიგით მეხუთე ფორუმი (GeoIGF) გაიხსნა, რომლის თანაორგანიზატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის გამხსნელ პანელზე სიტყვით გამოვიდა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე. მისი თქმით, ღონისძიება 2015 წლიდან სისტემატურად ტარდება საქართველოში და უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ინტერნეტ მმართველობის განვითარების მიმართულებით. ფორუმმა თავი მოუყარა აღნიშნულ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებს და ექსპერტებს, კერძო კომპანიებს, აკადემიურ წრეებს და ახალგაზრდა თაობას.
„მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს,“ - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.
მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში განხორციელებულმა და მიმდინარე რეფორმებმა, პროგრამებმა და პროექტებმა, ხელი შეუწყო ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და საშუალებების თანამედროვე ტექნოლოგიებით განვითარებას, თანამედროვე სერვისების დანერგვას და გაზარდა მათი მოხმარების დონე, რამაც დადებითი ზეგავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, მუშაობს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებებზე. მისი თქმით, ევროკომისიის და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით შემუშავებული ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების სტრატეგიის პროექტის დამტკიცების შემდეგ დაიწყება მუშაობა მისი განხორციელების პროცედურებზე. მათ შორის, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტზე, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელების მშენებლობის გამარტივების, ინვესტიციების მოზიდვის, კონკურენციის ზრდის, მოსახლეობაში ინტერნეტის და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების ამაღლების და სხვა ღონისძიებებზე.
თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა მაღალმთიანი რეგიონების სათემო ინტერნეტიზაცია, რომელმაც ფორუმზე დიდი მოწონება დაიმსახურა. გარდა ამისა, ნიკოლოზ ალავიძემ აქცენტი გააკეთა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, მათ შორის 5G ქსელების განვითარება; ონლაინ კონტენტის, საავტორო უფლებების, ინტერნეტ სივრცეში პერსონალური მონაცემთა დაცვა; განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდა თაობაში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების, ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხები და ა.შ.
ფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს დირექტორი ფრედერიკ დონკი და სხვა ოფიციალური პირები.