რა გახდა ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე, თეატრალური ქალაქის მშენებლობის შეჩერების მიზეზი და რა არგუმენტით ვერ გავაკეთეთ ამ პროექტისთვის 6 მილიონი ლარის მობილიზება? - შესაბამისი კითხვა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს დაუსვა.
როგორც თალაკვაძემ განმარტა, ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე, თეატრალური ქალაქის მშენებლობა, აღჭურვა და ექსპლუატაციაში გაშვება ჯამში 6 მილიონი ლარი ჯდებოდა.
„2019-2020 წლებში ხორციელდებოდა ძალიან პროგრესული და საინტერესო პროექტი, ეს იყო თეატრალური ქალაქის მშენებლობა ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს იქნებოდა უნიკალური პროექტის მშენებლობა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის. თეატრალურ სფეროს პროფესიონალებს, ისევე როგორც თეატრის მაყურებლებს, ეს პროექტი უქმნიდა უნიკალურ შესაძლებლობას ახალი თეატრალური ექსპერიმენტებისთვის. უქმნიდა ასევე შესაძლებლობას, რომ საქართველო გამხდარიყო სხვადასხვა ქვეყნის თეატრებისთვის ბაზა. ეს ეკონომიკაშიც იქნებოდა შენატანი და კულტურაშიც. მომდევნო წლის ბიუჯეტში ეს დაფინანსება გაქვთ ამოღებული, საუბარია 6 მილიონ ლარზე. რა გახდა იმის მიზეზი და არგუმენტები, რის გამოც, გვერდით გადავდეთ ეს პროექტი და ვერ გავაკეთეთ 6 მილიონი ლარის მობილიზაცია ამ პროექტებისთვის,“ - განაცხადა თალაკვაძემ.