2020 წელს განათლების სისტემის ინფრასტრუქტურისთვის 280.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავრიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მომავალ წელს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა ახალი სკოლის მოდელის დანერგვისათვის საჭირო მიმართულებებზეც, რომელიც ითვალისწინებს ახალი მიდგომების დანერგვასა და განვითარებას, ასევე, სკოლის მართვის ეფექტიანი სისტემის შემუშავებას, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას და სხვა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მომავალ წელს ახალი სკოლის მოდელის პრინციპები დაინერგება 300-ზე მეტ სკოლაში, სადაც ჩაერთვება 140 ათასზე მეტი მოსწავლე და 12 ათასზე მეტი მასწავლებელი, განხორციელდება 70-ზე მეტი ახალი სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის სრული რეაბილიტაცია, 670-მდე საჯარო სკოლის რემონტი, 2020 წელს დასრულდება „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა თბილისსა და ბათუმში.