საყოველთაო ჯანდაცვა საჭიროებს მნიშვნელოვან რეფორმას, ასევე რეფორმას საჭიროებს ის სოციალური დაცვის მექანიზმი, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არის შემთხვევები, როცა ადამიანები არალეგალურად მუშაობენ, მაგრამ რაიონში დახმარებას იღებენ. მინისტრის თქმით, ეს ამბები მოსაწესრიგებელია.
„საყოველთაო ჯანდაცვა საჭიროებს მნიშვნელოვან რეფორმას, ასევე რეფორმას საჭიროებს ის სოციალური დაცვის მექანიზმი, რომელიც ჩვენ გვაქვს, თუმცა რეფორმა ჯანდაცვის ნაწილში გაცილებით მნიშვნელოვანია და საკმაოდ რთულია. მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა ქალბატონ ეკასთან, ის საკმაოდ ღრმად იცნობს ამ თემას და საკმაოდ ძლიერი ხედვა აქვს, როგორც ეკონომისტიც კარგად ხედავს ამ პრობლემას და აქვს მთელი რიგი ინიციატივები. რა საკვირველია, აუცილებელია მიზნობრიობის დახვეწა რომ ზუსტად განისაზღვროს და კატეგორიებზე ზუსტად მოხდეს მიზნობდივი დახმარება.
აქ გვაქვს ჩვენ სტანდარტული პრობლემა, რომელიც ყველგან არის. ზოგ შემთხვევაში ადამიანების რაღაც რაოდენობა, რომელსაც ერგება თითქოს არ ხვდება, მაგრამ ამავდროულად ის ადამიანები ხდებიან დახმარების მიმრებები, ვისაც არ უნდა ერგებოდეს. არის ასეთი შემთხვევები. „ცოდვა გამხელილი ჯობია“, არის შემთხვევები, როცა სადღაც არალეგალურად მუშაობენ, ან ქალაქში არიან ჩამოსულები, მაგრამ რაიონში დახმარებას იღებენ. ეს ამბები არის მოსაწესრიგებელი. აქ არის ეფექტურობის რესურსი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, როგორც ფასების კონტროლი, ასევე მიზნობრიობა რომ სწორ ადრესატს ჰქონდეს სწორი მკურნალობა.
„სოციალური რომ გვერდზე გადავდოთ, ჯანდაცვაში არის მნიშვნელოვანი რეფორმები გასატარებელი. აქ არის დაწყებული სელექტიური კონტრაქტების ნაწილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განფასების მომენტი. ჯანდაცვის ხარჯები იზრდებოდა, ამავდროულად ფასებიც მზარდია ჯანდაცვაში და მოხმარებაც არის მზარდი იმიტომ, რომ რაღაც ტიპის ჩამკეტები არ აქვს. არის თემები, როდესაც ზედმეტი წამლების გამოწერა ხდება და ზედმეტი სამედიცინო სერვისების შეთავაზება ხდება. აუცილებელია, როგორც ფასების კონტროლი, ასევე მიზნობრიობა რომ სწორ ადრესატს ჰქონდეს სწორი მკურნალობა. ეს არის შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტროში ამაზე სერიოზულად მსჯელობენ და ვიხილავთ სერიოზუ ნაბიჯებს, რათა სამომავლოდ ჩვენ მივიღოთ შემდეგი სურათი - ჯანდაცვის ხარჯები იყოს სტაბილური, მეორე მხრივ, ჯიბის ხარჯები მცირდებოდეს და ჯანდაცვის ხარისხი იყოს მისაღები“, - განაცხადა მაჭავარიანმა.