"პენსიის ინდექსაციაზე სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებისას, ჩვენ უფრო მაღალი ზრდისკენ ვიყავით მომართული, თუმცა ფონდი ჩარჩოებს გვიწესებს"

პენსიის ინდექსაციის შესახებ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებისას, ჩვენ უფრო მაღალი ზრდისკენ ვიყავით მომართული, თუმცა სავალუტო ფონდი ჩარჩოებს გვიწესებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, საპენსიო ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისას, ფინანსთა სამინისტრო პენსიონერთა ასაკობრივ დიფერენციაციას გაითვალისწინებს.

„სამწუხაროდ არ გვაქვს ქვეყანაში იმის რესურსი, რომ ყველას მოვუმატოთ პენსია მნიშვნელოვნად. მე მიმაჩნია, რომ 50 ლარიანი მატება, მნიშვნელოვანი მატებაა. 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ. თუ ისინი მთიან რეგიონში ცხოვრობენ, 300 ლარს. გახსოვთ, ხშირად იყო 300 ლარიანი დაპირებები, რომელიც იმ დროისთვის იყო უპასუხისმგებლო დაპირებები და შეუძლებელი. ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ, ზუსტად ამ გაყოფის ხარჯზე. ჯერ პენსია შორს არის იმ დონიდან, რაც უნდა იყოს. ჩვენ მაინც გამოვედით ჩვენი რეალური შესაძლებლობებიდან, ასევე პენსიონერების საჭიროებებიდან. ეს დიფერენციაცია ამართლებს ამ ასაკობრივ გაყოფას.

როდესაც მომავალში ჩვენ პენსიის ინდექსაციის ინიციატივით შემოვალთ, იქაც ამ ფილოსოფიას და მიდგომას გავავრცელებთ. რაც შეეხება პენსიის ინდექსაციას, ჩვენ დავაგვიანეთ, გეთანხმებით, თუმცა, ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. ჩვენ სავალუტო ფონდთან მოგვიწია საკმაოდ რთული, , რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკება. ვერ ვთანხმდებოდით. არ დაგიმალავთ, ჩვენ უფრო ოპტიმისტურები ვიყავით და მაღალი ზრდისკენ ვიყავით მომართული, თუმცა რა თქმა უნდა, სავალუტო ფონდი იმ ჩარჩოებს გვიწესებს და გვეუბნება, რომ ფისკალურად უნდა იყოს შესაძლებელი ეს გრძელ ვადაში, ათწლეულობის განმავლობაში. მგონია, რომ ჩვენ პოზიციები დავაახლოვეთ და გამოვალთ საპენსიო ინდექსაციით, სადაც ასევე ეს დიფერენცირებული მიდგომა გვექნება ასაკობრივ ჭრილში. მიგვაჩნია, რომ ეს სამართლიანია,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.