ქსელური მარკეტებისთვის შესაძლოა, რეგულაციები ამოქმედდეს - „როდესაც ეცოდინებათ, რომ ჯარიმა დაეკისრებათ, ეს გარკვეულ საკითხებს დაარეგულირებს“

ქსელური მარკეტებისთვის შესაძლოა, რეგულაციები ამოქმედდეს.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, რითეილ ბაზარზე არსებულ ვითარებას ამჟამად კონკურენციის სააგენტო სწავლობს. ჭყონიას თქმით, კანონპროექტი კი სავარაუდოდ, მზად წლის ბოლოს იქნება.

როგორც ივა ჭყონია აღნიშნავს, საუბარია, კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების დაკისრებაზე, ასევე, ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობაზე, რომ ქართული პროდუქცია ქსელური მარკეტების დახლებზე მოხვდეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ რითეილ ბაზარზე არსებული კაბალური პირობების შესახებ არაერთხელ წერდა. კერძოდ, დიდი ქსელების მიერ დაწესებულ საგადასახადო სისტემაზე და კონკრეტულ მოთხოვნებზე, რომელსაც მცირე მწარმოებლები ვერ აკმაყოფილებენ. შესაბამისად, მათი პროდუქცია მარკეტების დახლზე ვერ ხვდება.

როგორც ივა ჭყონია აცხადებს, ქსელურ მარკეტებთან პრობლემას წარმოადგენს კომპანიებისთვის დავალიანებების გასტუმრებაც და ამასთან, ხშირ შემთხვევაში, გაურკევეველი ბონუსების ჩამოჭრა ხდება. თუმცა, ამ დრომდე არ არსებობს რეგულაციები, რომელიც ურთიერთობებს გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს და დაარეგულირებს.

„რითეილ ბაზარზე არის მთელი რიგი საკითხები, რაც ძალიან გვაწუხებს. თუ ჯამში, 10-დან 15-მდე ქსელური მარკეტი და ჰიპერმარკეტია, მეორე მხარეს ასობით სადისტრიბუციო კომპანიაა, შესაბამისად, საკმაოდ მაღალია კონკურენცია. არის შემთხვევები, როდესაც ქსელური მარკეტები მიუღებელ პირობებს სთავაზობენ სადისტრიბუციო კომპანიებს, თუმცა ისინი იძულებული ხდებიან, რომ დაემორჩილონ. ამ მხრივ, აღსანიშნავია ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი საერთაშორისო ჰიპერმარკეტი, რომელთან ურთიერთობაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.

გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია შედარების აქტის გაფორმება. როდესაც დიდი ქსელებს პროდუქციას ვაწვდით, ჩვენს მიმართაც ეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები, რომელსაც არ ასრულებენ. მაგალითად, თანხას ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში არ რიცხავენ ან გაურკვეველ ბონუსებს აჭრიან, საკითხის გარკვევას კი თვეები სჭირდება. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ რითეილ ბაზარზე არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც აუცილებლად საჭიროებს დარეგულირებას“,- ამბობს ივა ჭყონია.

მისივე ინფორმაციით, საკითხის შესასწავლად კონკურენციის სააგენტოს პარლამენტმა უკვე მიმართა და ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გარდა ამისა, იხილება კონკრეტული მოდელები, რომელიც ევროპის არაერთ წამყვან ქვეყანაში წარმატებით მუშაობს და შეირჩევა ის კონკრეტული ვერსია, რომელიც ქართულ რეალობას ერგება.

„საკითხის შესასწავლად პარლამენტმა უკვე მიმართა კონკურენციის სააგენტოს. ინიციტორი იყო ევროინტეგაციის კომიტეტი, კერძოდ, ბექა ნაცვლიშვილი. მასაც არაერთმა კომპანიამ მიმართა საკუთარი პრობლემებით. შესაბამისად, საკითხი დაჩქარდა, თორემ ჩვენ გარკვეული მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვქონდა.

რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტს, ამ ეტაპზე ჯერ შეთანხმებული არ არის, მაგრამ მიდის მუშაობა. რამდენიმე ქვეყნის მოდელი გვაქვს აღებული და ვმსჯელობთ, რომელი შეიძლება მოერგოს ჩვენი ქვეყნის რეალობას“,- აღნიშნავს ივა ჭყონია.

მისივე ინფორმაციით, მოლაპარკებების პროცესში ჩართულია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რათა კანონპროექტის ფარგლებში, იმ მწარმოებლებისთვისაც მოხდეს ხელის შეწყობა, რომელთა პროდუქცია ქსელურ მარკეტებში არსებული კაბალური პირობების გამო, დახლებზე ვერ ხვდება.

„ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ, რომ კანონპროექტში ადგილობრივ მწარმოებლებზეც იყოს საუბარი. ეს არის ერთგვარი ჯაჭვი. თუ დიდ კომპანიებს საკუთარი პროდუქცია სადისტრიბუციო კოპანიებზე ცალკე აქვთ გაცემული, არიან პატარა კომპანიები, რომლებსაც პროდუქტის შეტანა ქსელებში თავად უწევთ და უამრავ პრობლემას აწყდებიან. მეტიც, ინდივიდუალურად შესვლა ძალიან უჭირთ. ჩვენ სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ გვქონდა შეხვედრა და მათ მიერ დაფინანსებული პროექტების ხელშეწყობაც იგეგმება. იმიტომ, რომ ჩვენი პრიორიტეტი ქართული წარმოებისთვის ხელის შეყობაა“,- აცხადებს ივა ჭყონია.

რაც შეეხება სანქციებს, როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, თუ ქსელურ მარკეტებსა და ჰიპერმაკეტებს ეცოდინებათ, რომ დარღვევაზე ჯარიმა დაეკისრებათ, ბაზარზე არსებული ვითარებაც დარეგულირდება.

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენთან სასამართლო თითქმის არ არსებობს და ნებისმიერი დავა თვეების განმავლობაში გრძელდება, ამას კარგად იყენებენ ქსელური მარკეტები. მათ რიგმა კომპანიებმა მიმართეს, რომ სასამართლოს მაგივრად საქმეში არბიტრაჟის მომსახურება ჩაერთოთ, მაგრამ უარი განაცხადეს. როდესაც რაღაც რეგულაცია იარსებებს და ეცოდინებათ, რომ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა დაეკისრებათ, ეს ბაზარზე არსებულ ვითარებას დაარეგულირებს.

სავარაუდოდ, წლის ბოლომდე უკვე გარკვეული მონახაზი გვექნება. ჩვენ გვინდა, რომ სუპერმარკეტების წარმომადგენლებთან ერთადაც ვიმსჯელოთ, რათა ეს არ იყოს ცალმხრივი. ამის შემდეგ კი შევაჯერებთ პოზიციებს და გავიტანთ პარლამენტში.

ამ ყველაფერში კონკურენციის სააგენტოს დასკვნაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც კონკრენციის სააგენტომ მუშაობა დაიწყო, ჩვენ არსებული პრობლემების ჩამონათვალი გავუგზავნეთ, თუმცა იგივე არ გააკეთეს ქსელურმა მარკეტებმა და ჰიპერმარკეტებმა. როდესაც კონკურენიის სააგენტომ კონტაქტების გადაგზავნა სთხოვა, რათა გაეგო პრობლემები რეალურია თუ არა, მიწოდებაზე უარი განაცხადეს. ახლა უკვე კონკურენციის სააგენტო დისტრიბუტორთა ასოციაციასთან ერთად მუშაობს აქტიურად“,- აცხადებს ივა ჭყონია.

ნინი ქეთელაური