რიკოთის გვირაბში რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა იკრძალება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე განხორციელდება.

„დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.