ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა, ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა.
„გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, ის დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა დაგვეხმაროს შევქნათ ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები, ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესის მხარდაჭერა, იქ სადაც კანონი ამის საშუალებას გვაძლევს, ეს იქნება მიხეილ დაუშვილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას. ამასთან ერთად თითოეულ ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენელს, მსხვილი ბიზნესი იქნება, საშუალო თუ წვრილი, მინდა ვუთხრა და დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთის განმავლობაში იქნება პრემიერ-მინისტრის კაბინეტში მოხვედრილი, ამიტომ ეს ეფექტური თანამშრომლობა, ეფექტური ბმა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის არის ძალზე მნიშვენლოვანი. ამიტომ კოლეგებს მინდა გთხოვოთ, თქვენც აქტიურად ითანამშრომლოთ ბიზნესომბუდსმენის აპარატთან.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ დაუშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოსტი ეკავა. ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ პოსტი 8 ნოემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.