ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იწყება მეორე ეტაპი, რომლისთვისაც სრული დაფინანსება უკვე არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტის პირველი ეტაპი იყო წარმატებული და მასში 6 450-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
„პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. რამაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო ასევე იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.