საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა ოქროს ზოდი და დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საბაჟო ღირებულებით 68 742 ლარი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მალულად იქნა შემოტანილი 73 200 ლარის საბაჟო ღირებულების ტექსტილის ნაწარმი.
მათივე ცნობით, აღნიშნული კატეგორიის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7 წლამდე ვადით.