საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა 30%-ს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს. აქედან 23 ათას ადამიანს ხელფასი სულაც 100 ლარი აქვს, 232 ათასს მოქალაქეს კი - 500 ლარამდე. "რეზონანსმა" კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "საქსტატის" მონაცემები საშუალო ხელფასის მუდმივ მატებასთან დაკავშირებით მხოლოდ ციფრებით მანიპულაციაა.
მინიმალური ხელფასის ზრდაზე პროფკავშირები და პარლამენტარები ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ. 1990-იან წლებში მინიმალური ხელფასი 20 ლარით განისაზღვრა და მას შემდეგ გაიყინა. ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტში სამი კანონპროექტია წარდგენილი. მათგან ერთ-ერთი პროფკაშირებს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი შესაძლოა, თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვროს.
პროფკავშირების სტატისტიკით, საქართველოში 232 ათას ადამიანს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს, რაც დაქირავებულ-დასაქმებულთა თითქმის 30%-ია. ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას და სახელფასო უთანასწორობას აღნიშნული მონაცემები კარგად ასახავს.
"გვესმის, რომ 320 ლარი არაა საკმარისი ადამიანის ცხოვრებისთვის, მით უმეტეს, ოჯახის რჩენისთვის, მაგრამ გვინდა მივაღწიოთ მინიმუმს, რომ მომავალში ხელფასი ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო დონეს მიუახლოვდეს.
საქართველოში 320 ლარზე ნაკლები ხელფასი დაახლოვებით 126 ათას ადამიანს აქვს. შესაბამისად, მინიმალური ხელფასის 320 ლარამდე ზრდა გამოიწვევს ამდენივე მოქალაქის შემოსავლის მომატებას. ეს არის დასაქმებულთა თითქმის 15%. 400 ლარზე ნაკლები შემოსავალი 177 ათას მოქალაქე აქვს, ხოლო 500 ლარზე ნაკლები 232 ათასი ადამიანს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას პროფკავშირების ანალიტიკური სამსახურის უფროსმა გიორგი ჭანტურიძემ.
ისინი, ვინც მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვენ, ფიქრობენ, რომ ყველაზე დაბალშემოსავლიან მშრომელთა ცხოვრების დონეს გააუმჯობესებენ; ხოლო ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან, თავიანთი პოზიციით სამუშაო ადგილებს იცავენ, რადგან მაღალი სახელფასო ზღვარი უარყოფითად მოქმედებს ბიზნეს გარემოზე.
ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ მინიმალური ხელფასის მომატება მოსახლეობას შემოსავალს ვერ გაუზრდის, რადგან მაღალი ზღვრის დაწესებით უმუშევრობის დონე მოიმატებს.
"არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მინიმალური ხელფასი უმუშევრობას ზრდის. სწორედ ამას ამტკიცებს ყველანაირი ეკონომიკური თეორია. განსაკუთრებით იმ ტიპის საზოგადოებაში, სადაც არაკვალიფიციური სამუშაო ძალა გამოიყენება. ასე რომ, რაც უფრო მაღალი იქნება მინიმალური ხელფასი, მით უფრო მაღალი იქნება უმუშევრობის დონე", - განაცხადა "რეზონანსთან" აკაკი ცომაიამ.
ბიზნესისთვის ხელფასის დამატებითი ზრდა წნეხი იქნება. კერძო სექტორი, რა თქმა უნდა, არ იზარალებს და ზეწოლა კვლავ დასაქმებულებზე მოხდება. პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ საქართველოში სოციალური უთანასწორობაა შექმნილი. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღარიბ ფენას მიეკუთვნება, რაც ეკონომიკური უთანასწორობის გარდა, მოსახლეობაში მძიმე ფსიქოლოგიურ დარტყმაცაა.
"წლებია საქართველოში ჩამოყალიბდა სოციალური უთანასწორობა. ან არსებობენ ღარიბ-ღატაკები ან მდიდრები. მდიდრები გაცილებით ნაკლები არიან, ვიდრე ღარიბ-ღატაკები, ხოლო უმნიშვნელო ოდენობაა საშუალო ფენა. მათი მდიდარ ფენაში გადასვლა იშვიათად ხდება, როცა ბოლოს განვითარებული ეკონომიკური მოვლენებიდან გამომდინარე ღარიბ-ღატაკებში ბევრი ინაცვლებს.
500-ლარიანი ხელფასი ხალხის დაცინვაა, რადგან ადამიანი ამ თანხით ვერანაირი თვითრეალიზაციას ვერ ახდენს. თანაც ქვეყანაში უკვე სახეზეა სახელფასო პოლარიზაცია, რაც თანდათან უფრო ღრმავდება.
მდიდრები ალბათ, საქართველოს მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, დანარჩენი ღარიბები არიან. ის ვისაც 500-ლარიანი შემოსავალი აქვს და იძულებულია ამ თანხით ოჯახი არჩინოს, რა თქმა უნდა, ღატაკთა ფენას მიეკუთვნება. ამ ყველაფერს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობაც რომ დავუმატოთ, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, უფრო მძიმე სურათი იხატება.
საქართველოში მდიდრები არ უყვართ, რადგან ღარიბებს არ აქვთ ის შემოსავალი, რომ დაიკმაყოფილონ მინიმალური ყოფითი პირობები. ის რაც მდიდარი ადამიანისთვის ყოვედღიური ცხოვრებაა, ღარიბისთვის ეს ფუფუნებაა. სოციალური-ეკონომიკური-ფინანსური და პლუს ფსიქოლოგიური უთანასწორობაც კი არის ამჟამად საქართველოში.
სახელმწიფოს პირველი პირები ამბობდნენ, რომ საქართველოს დიდი სიამაყე იაფი სამუშაო ძალაა. ქვეყანაში იაფი მუშახელი იმიტომ არსებობს, რომ ქართველ პროფესიონალს სხვა გამოსავალი არ აქვს და თანხმდება იმაზე, რასაც გადაუგდებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი კვალიფიკაცია ვინმეზე ნაკლებია.
ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, რომ ადამიანმა პროფესიული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე საკუთარი თავის რეალიზაცია შეძლოს. თუ სახელმწიფო დაწესებულებებში, სკოლებში ანდა საავადმყოფოებში ხელფასი გაიზრდება, მაშინ კერძო სექტორი ვეღარ გაბედავს ასეთი დაბალი სახელფასო პირობების შეთავაზებას თანამშრომლებისთვის", - განუცხადა "რეზონანს" პაატა აროშიძემ.
გვანცა წულაია
გაზეთი "რეზონანსი"