ბიძინა ივანიშვილი - მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა

მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს.

ივანიშვილი დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პროპორციული საარჩევნო სისტემისადმი უმრავლესობის სკეპტიკურად განწყობილი ნაწილის „კონსტრუქციულ ველში დაბრუნება ვერ შეძლო“. კერძოდ, ივანიშვილის თქმით, როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უმრავლესობის დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს, რამაც „როგორც ჩანს, მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო“.

“დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება.

იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო.

საზოგადოებაში ისმის კითხვა: როგორ განვითარდა ასე უეცრად ე.წ. „მაჟორიტარული ამბოხი“ მმართველ გუნდში, როცა რამდენიმეთვიანი საკონსტიტუციო პროცესი წარმატებით დასრულდა და საქმე კენჭისყრაზე მიდგა?

ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გასაცემად და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, თავს ვალდებულად ვთვლი, რამდენიმე უდავო ფაქტი შევახსენო საზოგადოებას.

კერძოდ:

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა, საკუთარი ინიციატივით, ჯერ კიდევ 2017 წელს, იმ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მიიღო, რომელიც ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის ნაწილისა და პარტიული მედიის მხრიდან ორგანიზებული, კამპანიური ხასიათის, აგრესიული ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც, შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში, მხოლოდ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ხმების ხარჯზე განხორციელდა. ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინ ბოიკოტი გამოუცხადა პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენ ერთ ლიდერზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე ორიენტირებული კონსტიტუციის ნაცვლად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად პოზიტიურად შეაფასა.

არავისთვის დასამალი არ არის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეა მაჟორიტარ დეპუტატებში არასდროს სარგებლობდა დიდი პოპულარობით და მათი დიდი ნაწილი არც მაშინ შეხვდა ამ რეფორმას სათანადო ენთუზიაზმით, რის გამოც, ჩვენს სურვილზე, უკვე 2020 წლიდან გაგვეუქმებინა შერეული საარჩევნო სისტემა, შიდაპარტიული კონსენსუსი ვერ შედგა. შესაბამისად, მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლის თაობაზე.

წარმოიდგინეთ, იმ დროს რომ საპარლამენტო ოპოზიციას მინიმალური პოლიტიკური სიმწიფე და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოევლინა, ყველაფრის ხარჯზე ხელისუფლების დაზიანების ვიწროპარტიული დღის წესრიგით არ ეხელმძღვანელა და საკონსტიტუციო რეფორმისათვის მხარდაჭერის მზაობა ჰქონოდა, დღევანდელი დისკუსიას და ვნებათაღელვას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი - ჩვენს მაჟორიტარებსაც დავარწმუნებდით საარჩევნო რეფორმის გადავადების იდეის უპერსპექტივობაში და კონსტიტუციაშიც ცალსახად ავსახავდით 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას.

ეს მნიშვნელოვანი გარემოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, თუ ობიექტური სურათის დანახვა გვსურს და საერთო კონტექსტის გაუთვალისწინებლად, ფრაგმენტულად არ ვაფასებთ მოვლენებს, მითუმეტეს, ემოციურ ფონზე.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს, საზოგადოების ნაწილის სამართლიან პროტესტს მმართველი გუნდის სრულიად ადეკვატური რეაქცია მოჰყვა - პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა, „ქართულმა ოცნებამ“ კი საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინიციატივით მიმართა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა.

არ დავმალავ, ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც, მთლიანობაში, მაჟორიტართა ნაწილის ყოყმანის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ იდეას და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, დაექვემდებარნენ პარტიულ დისციპლინას.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს შექმნა პრეცედენტი და სწორედ შერეული სისტემის პირობებში დაამარცხა ის პოლიტიკური რეჟიმი, რომლის მმართველობის პერიოდში წაშლილი იყო ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, ორგანიზაციულად სუსტი და მცირერიცხოვან პარტიებს მაინც მიაჩნდათ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ექნებოდათ წარმატების მეტის შანსი. სწორედ ამიტომ გამოვედით ჩვენ ამ ინიაციატივით. ნულოვანი ბარიერის შეთავაზებით კი, ჩვენ ვეცადეთ კიდევ უფრო გაზრდილიყო მცირე პარტიების შესაძლებლობები.

მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ შესაბამისად შეაფასა კიდეც ჩვენი კეთილი ნება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უარი გვეთქვა მნიშვნელოვან სასტარტო უპირატესობაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდს და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიის კანდიდატებთან შედარებით აქვთ.

უმთავრესი, რაც ჩვენს შეთავაზებას უნდა მოჰყოლოდა, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლებისა და ოპოზიციური სპექტრის, ხელისუფლებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობა პოლიტიკური კულტურის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასულიყო, ხოლო საკუთრივ პოლიტიკური პროცესს, დემოკრატიული განვითარების ახალი ეტაპის დამკვიდრებისთვის შეეწყო ხელი.

ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი თამამი პოლიტიკურ აქტი, პროცესში ჩართული სხვა აქტორებისგანაც პოზიტიურად იქნებოდა აღქმული და პასუხად მათ კონსტრუქციულ რეაქციას მივიღებდით.

სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა - თვისობრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა და აღქმული იქნა, როგორც ხელისუფლებისთვის პროპორციული არჩევნების გამოტაცება.

გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა - აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ.

ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო.

მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო. როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება.

ჩვენს ქვეყანაში სკეპტიკოსებს რა დალევს, მაგრამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა და ისიც ფაქტია, რომ ჩვენს გუნდში არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიაა, რაც ადამიანისთვის საკუთარი პრინციპული პოზიციის ძალით შეცვლის მცდელობას გამორიცხავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ როგორც საბჭოური, ისე ნაციონალური მოძრაობის მონოლითური, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მართვის სტილი, როცა ერთპიროვნული ლიდერის წინააღმდეგ ვერავინ მიდიოდა. ჩვენს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია, ბუნებრივი პროცესია და ამის არაერთი მაგალითი უნახავს ჩვენს საზოგადოებას.

დაბოლოს - უნაკლო საარჩევნო სისტემები არ არსებობს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცივილიზებულ სამყაროში არ წყდება დისკუსიები ამა თუ იმ სისტემის ავკარგიანობაზე. პანაცეა არა საარჩევნო სისტემა, არამედ დემოკრატიაა, ანუ ინსტიტუციონალურად გამართული პოლიტიკური სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთავარი - ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში.

მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ რა, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, - ჩემს გუნდთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიქნები გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი გახდება შეუქცევადი. 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამის წინაპირობა და თვალსაჩინო მაგალითი იქნება”, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.