სემეკმა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „გაზტრანს სერვისი“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო 5 000 ლარით დააჯარიმა,- ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შესაბამისი გადაწყვეტილება 14 ნოემბრის საჯარო სხდომაზე მიიღო.
„შპს „გაზტრანს სერვისი“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატია და ბუნებრივი გაზით ამარაგებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს - კაპანახჩს, პირველ და მეორე ქესალოს.
დაჯარიმების საფუძველია შპს „გაზტრანს სერვისის“, როგორც განაწილების ლიცენზიატის, მიერ დაკისრებული არაერთი მოთხოვნის შეუსრულებლობა. კერძოდ, ერთ-ერთ ძირითადი დარღვევაა კომპანიის მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა - კომპანია მომხმარებელს არ უწევს სათანადო მომსახურებას, მათ შორის, არ გააჩნია ოფისი, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ, შეუფერხებლად მიმართონ კომპანიას და მიიღონ საჭირო მომსახურება. გარდა ამისა, შპს „გაზტრანს სერვისის“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგებები, ხოლო კომისიის ელექტრონულ ჟურნალში არ არის ატვირთული მოთხოვნილი ინფორმაცია. ასევე, კომპანია არ იხდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირების საფასურს,”-აცხადებენ სემეკში.
ამასთან, სემეკის საჯარო სხდომაზე შპს „გაზტრანს სერვისს“ განემარტა, რომ, თუ დარღვევები ერთი თვის ვადაში არ აღმოიფხვრება, კომპანია 15 000 ლარით დაჯარიმდება.