ქართული თაფლის მწარმოებლებისთვის „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თაფლის წარმოებაში ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტების შესახებ ქართველი მეწარმეების ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდა დოკუმენტი „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმძღვანელო, რომელიც გერმანელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს, პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება და საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების სრული ჯაჭვის უზრუნველყოფისა და ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ რეკომენდაციებს აერთიანებს.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორი კატია კამერერი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ატარებს აქტიურ ღონისძიებებს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის თაფლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.

„მისასალმებელია, რომ ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც დაეხმარება მეფუტკრეობის სფეროში დასაქმებულ ფერმერებს, აწარმოონ უვნებელი და ხარისხიანი პროდუქცია და დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები. ევროკავშირის მიერ ქართული თაფლის კონტროლის აღიარება, შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს გაიტანონ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში უდიდეს, 500 მილიონიან ბაზარზე. ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებით, ქართულ პროდუქციას გზა ეხსნება მსოფლიოს მრავალი ქვეყანის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მიღებულ შემოსავლებს და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართული გამორჩეული და ხარისხიანი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას და ვაჭრობის ხელშეწყობას.

„მოხარული ვარ, რომ ხანგრძლივი სამუშაო, რომელიც ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს უკავშირდებოდა, ასე კარგად წარიმართა და პოზიტიური შედეგით დასრულდა. მჯერა, რომ ეს არის სწორი გზა ქართული პროდუქციისთვის, კონკრეტულად კი, თაფლისთვის. მნიშვნელოვანი გამოწვევაა შესაბამისი სტანდარტების დაცვას უკავშირდებოდა, თუმცა ბევრი მიმართულებით გამოწვევები დაძლეულია. იმედი მაქვს, რომ ბრენდი TAPLI და ზოგადად, ქართული თაფლი იპოვის თავის ნიშას, დელიკატესების ნიშას და კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორმა, კატია კამერერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აღნიშნული სახელმძღვანელოს მომზადებით და წარდგენით, GIZ-ი ასრულებს სამწლიან ინტენსიურ სამუშაო პროცესს, რომელშიც ჩართული იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ადგილობრივი თაფლის მწარმოებლები.

„მოხარული ვარ, რომ ამ პროცესებმა მიგვიყვანა ევროკავშირის ბაზარზე ქართული პრემიუმ კლასის თაფლის პირველ ექსპორტამდე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართული თაფლი კონკურენტუნარიანი და ევროკავშირის ბაზარზე მეწარმეებისთვის მიმზიდველ ფასად იყიდება. ვფიქრობ, ეს იქნება მოტივაცია სხვა მწარმოებლებისთვისაც, გაიარონ ეს გზა და შედეგად, ჩვენ ვიხილავთ მეტ გამორჩეული ხარისხის მქონე ქართულ თაფლს ევროპაში“, - აღნიშნა კატია კამერერმა.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორში დასაქმებული მეწარმეები ესწრებოდნენ.

„სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შემუშავდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით ახორციელებს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, ქართველ მეწარმეებს საშუალება აქვთ 500 მილიონიან ევროპულ ბაზარზე თაფლის ექსპორტი განახორციელონ. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქციის ხარისხის შესაბამისობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან, ასევე თაფლის წარმოების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების არ არსებობა, კვლავ გამოწვევად რჩება, მნიშვნელოვანია მეწარმეთათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და ევროკავშირში თაფლის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობა უკვე 3 წელია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ე.წ. „ქოლგა ბრენდი“ - TAPLI, რომლის მიზანი ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლის ევროპულ ბაზარზე წარდგენაა. ამ ეტაპზე, ბრენდი აერთიანებს იმ საწარმოებს, რომლებმაც ხარისხიანი პროდუქტის წარმოების ყველა სტანდარტი დააკმაყოფილეს. წელს, ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“, ბრენდმა TAPLI პირველად წარადგინა ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლი.