როგორ შევარჩიოთ ხორცი - რჩევები „ანტრეკოტის“ ყასაბისგან

ხორცი ადამიანის ორგანიზმისთვის ცილების ძირითადი წყაროა, შესაბამისად, აუცილებელია, მისი საკვებად მიღება. გარდა ცილისა, ხორცი შეიცავს არაერთ მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს. თუმცა, როდესაც მის ყიდვაზე მიდგება საქმე, აქ უკვე მომხმარებელს არაერთი კითხვა უჩნდება. იმის გამო, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნეს-ოპერატორებს საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციისთვის აჯარიმებს, მოსახლეობის ეჭვიც საფუძველს მოკლებული არ არის.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც მაღაზიაში ან ბაზარში ვყიდულობთ ხორცს? თავდაპირველად დასუნეთ ხორცი, კარგად დაათვალიერეთ ის, დააკვირდით ტექსტურას და რაც მთავარია, ხორცი იყიდეთ ყასაბთან, რადგან ასეთ შემთხვევაში რისკი იმისა, რომ თქვენ საეჭვო წარმომავლობის პროდუქტს შეიძენთ, მინიმალურია.

და მაინც, რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის ყიდვისას - გთავაზობთ „ანტრეკოტის“ ყასაბის, ზურაბ ქებაძის რჩევებს:

„თუ თქვენ გაუყინავ ხორცს ყიდულობთ, არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ფერს, ტექსტურასა და სუნს. განაჭრელზე ხორცის ფერი უნდა იყოს ერთფეროვანი. ძროხის ხორცს უნდა ჰქონდეს მსუყე წითელი ფერი. ხბოს ხორცს უფრო ღია, ვიდრე ძროხისა. ღორის ხორცს ვარდისფერი უნდა დაჰკრავდეს, ფერმკრთალიდან უფრო მკვეთრამდე, ეს მის ასაკზეა დამოკიდებული. ბატკნის ხორცს ღია ვარდისფერი, ხოლო ცხვრისას უფრო მოწითალო შეფერილობა უნდა ჰქონდეს.

ცხიმის საფარის მიხედვითაც შესაძლებელია ხორცის ხარისხის დადგენა. ცხიმის ფერი უნდა იყოს თეთრი ან რძისფერი, სტრუქტურა მყარი, ხოლო სუნი სასიამოვნო. ცხიმის შემადგენლობა ცხოველის სახეობაზე, ასაკსა და მის კვებაზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ზურაბ ქებაძე.

მისივე თქმით, ადვილად გასარჩევია საქონელი მინდორშია გაზრდილი თუ ბაგაში: „მინდორში, ბალახზე გაზრდილი საქონლის ხორცი უფრო მუქია, ვიდრე ბაგაში გაზრდილის.

გარდა ამისა, როდესაც ხორცს ყიდულობთ, დააკვირდით კარგად ლანგარს, თუ ჭურჭელი, სადაც ხორცი დევს, წყლიანია, ნიშნავს იმას, რომ საქონელი ხელოვნური, ქიმიური დანამატებით არის გაზრდილი, არის „გაბერილი“, მაცივარში დადების შემდეგ კი „იჩუტება“ და წყლად მიდის. ასე რომ, ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება“, - აცხადებს „ანტრეკოტის“ ყასაბი.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ცხოველის ხორცი შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. ამიტომაც, როცა ხორცს ყიდულობთ კერძო პირთან ან ბაზარში, აუცილებლად შეამოწმეთ თუ აქვს პროდუქტს ბეჭედი და ვეტერინარულ-სანიტარული კონტროლი გავლილი.