დავით ნარმანიამ "თბილისის მიკროავტობუსს" ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "თბილისის მიკროავტობუსს" ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდა.

როგორც ნარმანიამ მიკროავტობუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, დედაქალაქში მსყიდველუნარიანობა დაბალია და შესაბამისად, ტარიფები მოსახლეობისთვის მისაღები და ადეკვატური უნდა იყოს.

"ჩვენი მოთხოვნა ამ კომპანიის მიმართ, ისევე როგორც სხვა კომპანიების მიმართ, რომლებსაც ჩვენ მოვუსმინეთ და მომავალშიც მოვუსმენთ, არის უცვლელი, რომ რაც შეიძლება ხარისხიანი სერვისი მიეწოდოს თბილისელებს, შემცირდეს უკმაყოფილების დონე და სადაც შესაძლებელია, ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადახედვა, გადაიხედოს", - განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერი თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენლებს, გამგებლებთან ერთად, მერიაში ამ წუთებში ხვდება.