ახალი მეთოდოლოგიით საქართველოს მშპ 3,5 მლრდ ლარით გაიზარდა

ახალი მეთოდოლოგიით საქართველოს მშპ 3,5 მლრდ ლარით გაიზარდა - ამის მიზეზი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია გახდა. თუ აქამდე საქსტატი მშპ-ის ზომას SNA 1993-ის მეთოდლოგიით ითვლიდა, ახლა SNA 2008-ზე გადავიდა.

შესაბამისად, განახლებული მეთოდოლოგიის მიხედვით, 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკის ზომა 44.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც აქამდე არსებულ 41.1 მილიარდთან შედარებით, 8.5%-ით მეტია.

„ეას-ის ძველსა (SNA 1993) და ახალ მეთოდოლოგიას (SNA 2008) შორის არსებული განსხვავებები ძირითადად დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან“, - აღნიშნულია საქსტატის“ განცხადებაში.

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 44 599.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 9.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.8 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4.4 პროცენტით განისაზღვრა.