რა ღირს სპეცპაკეტებში შეფუთული მზა საკვები, რომელიც  მალე საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიყიდება

ლობიო ლორით, ბრინჯი ძროხის ხორცით, სუპ ხარჩო, ქათმის ჩახოხბილი, ლობიო, აჯაფსანდალი, ბრიკოლისა და სიმინდის სუპი, სოკო ტარხუნით, მწვადი, შებოლილი ღორის ხორცის ლორი - ეს იმ მზა პროდუქტების ჩამონათვალია, რომელსაც „ნაციონალური დელიკატესი ND” დედოფლისწყაროში, ადგილობრივი ნედლეულით აწარმოებს. როგორც კომპანიის დირექტორი ოთარ სიმონიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის 100% -ით ნატურალური, სპეციალურ პაკეტებში შეფუთული საკვები, რომელიც კონსერვანტებსა და დანამატებს არ შეიცავს. ამასთან, პროდუქცია მხოლოდ ნედლი ხორცითა და ბოსტნეულით არის დამზადებული.

მისივე თქმით, „ნაციონალური დელიკატესი ND” საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და პროდუქტი შექმნა მათთვის, ვისთვისაც ჯანსაღ კვებასთან ერთად, დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ოთარ სიმონიშვილი აცხადებს, მათ საკვებს მიკროტალღურ ღუმელში მხოლოდ 2 წუთიანი შეთბობა სჭირდება.

„ნაციონალური დელიკატესი ნდ “ 2016 წლის ბოლოს შეიქმნა, ხოლო წარმოება 2017 წლიდან დავიწყეთ. მომხმარებლებს ვთავაზობთ, როგორც ვეგეტარიანულ, ისე ხორცისგან დამზადებულ პროდუქტებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენნაირი წარმოებები ევროპაშიც და აზიაშიც საკმაოდ პოპულარულია, გვინდოდა, რომ ეს საქართველოშიც დაგვენერგა და შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის. მითუმეტეს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ჩვენნაირი ტექნოლოგიით არავინ აწარმოებს. ჩვენი პროდუქტი განსაკუთრებით მოსახერხებელი და კომფორტულია ტურისტებისთვის, მოლაშქრეებისთვის, ბანაკებისა და მსგავსი აქტივობებისთვის.

წარმოებისას ვიყენებთ ქართულ ადგილობრივ ნედლეულს, მათ შორის, გაუყინავ, ნედლ ხორცს“ ,- აცხადებს ოთარ სიმონიშვილი.

კომპანია ამჟამად 10 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომელიც თბილისში, რუსთავსა და ბათუმში დიდ სუპერმარკეტების ქსელში იყიდება, თუმცა ამის პარალელურად, კომპანია კორპორატიულ შეკვეთებსაც იღებს, მათ შორის, საკუთარი პროდუქციით ქართულ ჯარსაც ამარაგებს.

„გარდა იმ პროდუქტებისა, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება, ჩვენ გვაქვს კორპორატიული შეკვეთებიც და ეს ორი განსხვავდება ერთმანეთისგან. უშულოდ მაღაზიათა ქსელში 10 სახეობის მზა საკვები შედის. თბილისში, რუსთავსა და ბათუმში დიდი ქსელურ მარკეტებში ვართ წარმოდგენილი, მომავალი წლიდან კი საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ათვისებას ვგეგმავთ“,-ამბობს ოთარ სიმონიშვილი.

რაც შეეხება პროდუქტის ღირებულებას, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, 3,5 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს.

„პროდუქტის ღირებულება 3,50 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს. გვაქვს 250-გრამიანი და 375-გრამიანი შეფუთვები, ანუ ერთი ადამიანის საკმარისი პორცია“,- აღნიშნავს ოთარ სიმონიშვილი.

მისივე თქმით, პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რის გამოც წარმოება ყოველთვიურად იზრდება.

„ჩვენი მომხმარებლების რიცხვი სულ უფრო მზარდია. ეს ჩვენი ყოველთვიური გაყიდვებიდან ჩანს. სწორედ ამიტომ, წარმოებას ეტაპობრივად ვაფართოვებთ, ბოლო 6 თვის განმავლობაში უკვე 40 ადამიანი დავასაქმეთ. მართალია, მუდმივი თანამშომელი 25 გვყავს, თუმცა როდესაც დიდი შეკვეთები გვაქვს, დამატებით მუშა-ხელს ვქირაობთ. გარდა ამისა, მომავალი წლის თებერვალ-მარტში ვაპირებთ კიდევ 2 სახეობის პროდუქტის დამატებას. თუმცა, წინასწარ ვერ გეტყვით, რა კერძებს დავამატებთ, რადგან ჯერ ისევ დაკვირვების პროცესში ვართ, თუ რა პროდუქტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა“,- ამბობს ოთარ სიმონიშვილი.

რაც შეეხება ექსპორტს, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, მათი პროდუქტი უკვე რამდენიმე ქვეყანაში გადის, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გრძელდება.

„ძალიან დიდი ინტერესია ჩვენი პროდუქტების მიმართ სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც პარტნიორობაში გადაიზარდა. მზა კერძები უკვე გავიტანეთ რუსეთში, ყაზახეთში და ბალტიისპირეთში, თუმცა შეკვეთები 3-4 თვეში ერთხელ გვაქვს და ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ვგეგმავთ, რომ სტაბილურ შეკვეთებზე გადავიდეთ“,-აღნიშნავს ოთარ სიმონიშვილი.

ნინი ქეთელაური