ევროპის საინვესტიციო ბანკი 2021 წლიდან წიაღისეულთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებას შეწყვეტს

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 2021 წლიდან წიაღისეულთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებას შეწყვეტს. ამ ინფორმაციას Euronews აქვეყნებს.

შედეგად 2021 წლიდან ისეთი პროექტებისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფა, რომლებიც ქვანახშირს, ბუნებრივ აირსა და ნავთობს იყენებენ, შეწყდება. ამ გადაწვეტილების მიღების მთავარ მიზეზად საინვესტიციო ბანკში კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის შეჩერებას ასახელებენ.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ენდრიუ მაკდოველის თქმით, მათ გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ გააგრძელებენ.

ამასთანავე, ახალი რეგულაციების მიხედვით 2021 წლიდან თითოეულმა საწარმომ, რომელიც ენერგიას გამოიმუშავებს უნდა დაამტკიცოს, რომ თითოეულ გამომუშავებულ 1 კილოვატ-საათ ენერგიაზე 250 გრამზე ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფს.

გარემოსდამცველი ორგანიზაციები ევროპის საინვესტიციო ბანკის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ რეგულაციების 2021 წლისთვის ამოქმედებას, სჯობდა, ისინი ძალაში 2020 წლიდან შესულიყო.

ბექა ბერიაშვილი