მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციის პროცესი დეკემბერში დასრულდება

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციის პროცესი დეკემბერში დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ნოემბრის ბოლოდან ქვედა ფენები მოწყობილი იქნება და ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი გახდება.

„დედაენისა და 9 მარტის ბაღები ერთმანეთს დავაკავშირეთ გვირაბით, რომელიც იქნება საფეხმავლო. ადრე თუ კიბეებით უნდა ამოსულიყავი ერთი ბაღიდან, გადაგეკვეთა გზა და ჩასულიყავი დედაენის ბაღში, ახლა დაკავშირება გვირაბით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება სამუშაოებს, საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით, ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული: ქვედა ფენები მოწყობილი იქნება და ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი, ხოლო დეკემბრის ბოლოს იგეგმება მთლიანად სამუშაოების დასრულება. ამჟამად, ზაარბრიუკენის ხიდის მოწესრიგება მიმდინარეობს გარედან, ფილები იყო დაზიანებული. რაც შეეხება დენდროლოგიურ პროექტს, რომელიც ასევე ძალიან მნიშნელოვანია, ზურა შევარდნაძე და კომპანია „გარდენია“ გვეხმარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, რეაბილიტაციის პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებდა ხიდების განაპირა ბურჯებისა და თაღის მალის ნაშენის ქვის, ასევე, აგურის წყობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს, ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას, გარეგანათების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ზაარბრიუკენის ხიდის მოაჯირების რესტავრაციას. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა.

დღეს, ადგილზე სამუშაოებს ასევე გაეცნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე, ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონების გამგებლები - ზურაბ ჩიკვილაძე და დავით კირკიტაძე.