სერბეთმა პრეზიდენტის რჩევით 9 ტონა ოქრო შეიძინა

სერბეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლონეთისგან 9 ტონა ოქრო შეიძინა.

ძვირფასი მეტალის შეძენა უწყებამ ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის რჩევით გადაწყვიტა.

ყოფილი იუგოსლავიური რესპუბლიკა უნგრეთისა და პოლონეთის ნაბიჯებს მიჰყვა, რომლებმაც ასევე გაზარდეს ოქროს მარაგები. სერბეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა იორგოვანკა ტაბაკოვიჩმა, რომელიც გახლავთ ვუჩიჩის პროგრესული პარტიის წევრი, განაცხადა, რომ ოქტომბერში განხორციელებულმა ოქროს შენაძენმა მარაგები მაისთან შედარებით 10%-ით გაზარდა.

მისივე თქმით, სერბეთი ამ დროისთვის 30,4 ტონა ოქროს რეზერვების მფლობელია, რომელიც 1,3 მილიარდი ევროს ღირებულებისაა. მანვე დასძინა, რომ ცენტრალური ბანკი ამ ეტაპზე მეტის შეძენას არ გეგმავს.

ოქროს შეძენა ქვეყანას ფინანსური სტაბილურობისთვის სჭირდება, რომელიც იცვლება მისი საგარეო ვალის სტრუქტურის ცვლილებისა და დინარის ევროსთან მერყეობის ფონზე. ტაბაკოვიჩის თქმით, ქვეყანამ 9 ტონა ოქროში 395 მილიონი ევრო გადაიხადა, ანუ 1503 დოლარი უნციაში.

კოკა კვირკველია