კინოკომპანია Warner Bros-ის ფილმი „ჯოკერი“ გლობალური სალარო შემოსავლებით მილიარდიან ზღურბლს გადასცდა. ფილმს შტატების მასშტაბით, 320 მილიონ დოლარამდე სალარო დაუგროვდა, დანარჩენი კი შტატებს ფარგლებს გარეთ ბაზრებზე მოვიდა.
„ჯოკერი საკმაოდ“ წარმატებული იყო საქართველოს კინოთეატრებშიც, ის მთელი ოქტომბრის მანძილზე ლიდერებს შორის იყო.
რეჟისორ ტოდ ფილიპსის მიერ გადაღებული „ჯოკერი“ მსოფლიო კინოინდუსტრიის ისტორიაში რიგით 44-ე ფილმია, რომელმაც მილიარდზე მეტი სალარო შემოსავალი მიიღო.
62,5 მილიონიანი ბიუჯეტის ფილმისთვის მილიარდის სალარო შესანიშნავი მაჩვენებელია. „ჯოკერი“ მიმდინარე წელს მეშვიდე ფილმია, რომელმაც მილიარდზე მეტის შემოსავალი მიიღო. აქედან 5 Disney-ის საკუთრებაა („შურისმაძიებლები დასასრული“, „მეფე ლომი“, „სათამაშოების ისტორია 4“, „კაპიტანი მარველი“, „ალადინი“); 1 - Sony-ს („სპაიდერმენი სახლიდან შორს“) და ესეც 1 - Warner Bros.-ის („ჯოკერი“).
მსოფლიო კინობაზარზე „დისნეის“ დომინანტობა წელს კიდევ უფრო შესამჩნევია. კომპანიის ანგარიშზეა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი „შურისმაძიებლები დასასრული“, რომელმაც 2,797 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და „ავატარის“ 10 წლიანი ლიდერობა დაამხო. „დისნეი“ წლის ბოლომდე მილიარდზე მეტი შემოსავლით კიდევ 2 ფილმს ელოდება. ესენია: Frozen 2 და Star Wars: The Rise of Skywalker.