ბილ გეითსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაიბრუნა

Bloomberg-ის მილიარდერების მუდმივად განახლებადი ინდექსის მიხედვით, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული კვლავ დაიბრუნა.

ის ამ სიის სათავეში ბოლოს ორი წლის წინ იმყოფებოდა.

ბილ გეითსმა უკან ჩამოიტოვა ბოლო წლების ლიდერი Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი. გეითსის ქონება ბოლო მონაცემებით, 110 მილიარდი დოლარით შეფასდა, მაშინ როცა ბეზოსის ქონებამ 109 მილიარდი შეადგინა. ლიდერთა სამეულს ავსებს ფრანგული კორპორაცია LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო, რომლის ქონება 103 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, გეითსის კაპიტალის ზრდა კომპანია Microsoft-თან პენტაგონის მხრიდან 10 მილიარდიანი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია, რომელი ტენდერიც წინასწარი ვარაუდით Amazon-ს უნდა მოეგო. მისი პროექტიდან გამორიცხვის შემდეგ ბეზოსის კომპანიის აქციებზე ფასმა 2%-ით იკლო.

კოკა კვირკველია