პარლამენტში წარდგენილია „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია. დოკუმენტში მათ შორის საუბარია, ღამის სამუშაოს დეფინიციასა და რეგულირებაზე.
კერძოდ, პროექტის მიხედვით, აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება.
ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, თუ პირი 22 საათიდან 6 საათამდე დროის მონაკვეთში ორი საათით მაინც იმყოფება დასაქმებულის განკარგულებაში (მიუხედავად იმისა იმყოფება თუ არა სამუშაო ადგილზე) და ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, იგი ითვლება ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირად.
რაც შეეხება ანაზრაურების ნაწილს, როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, ღამის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, თუმცა, ის (იგივე დამსაქმებელთან იგივე პოზიციაზე) დღის სამუშაოზე დასაქმებული პირის ხელფასის საათობრივი განაკვეთის 25%-ით გაზრდილი ოდენობის უნდა იყოს.
„ხანგრძლივი პერიოდით ღამით მუშაობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს დასაქმებულის ჯანმრთელობას და რისკის ქვეშ ჩააყენოს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების დაცვა. 2003 წლის ევროკავშირის დირექტივა და გერმანიის სამუშაო დროის შესახებ კანონი, აღიარებს კანონმდებლობით ღამით მუშაობის შეზღუდვის საჭიროებას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული რეგულაციების გაზიარება, რაც გამოიწვევს საქართველოს შრომის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას,“-აღნიშნულია პროექტში.