ამსტერდამი, იოჰანესბურგი, ჟენევა - რომელია მსოფლიოს 10 ყველაზე მწვანე ქალაქი

დღეისათვის მსოფლიო მოსახლოების ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს. ურბანული ცხოვრების განვითარებასთან ერთად ქალაქების ტერიტორია და მოსახლეობა სულ უფრო იზრდება. შედეგად მსოფლიოს არაერთ ქალაქში მასობრივი განაშენიანება და მწვანე ზონეების შემცირება შეუქცევადი პროცესი გახდა.

თუმცა, ამასთანავე მსოფლიოს არაერთი ქალაქი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებასა და მწვანე სივრცეების გაზრდას აქტიურად ცდილობს. World Economic Forum-ი მსოფლიოს 10 ყველაზე მწვანე ქალაქს წარმოგიდგენთ:

ამსტერდამი, ჰოლანდია

ამსტერდამი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია. აქ უამრავი პარკი და რეკრეაციული სივრცეა. ამასთანავე, ქალაქი ძალიან კომფორტულია ველოსიპედებით გადაადგილებისთვის. ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2025 წლამდე 11 250 პარკირების ადგილის გაუქმება და მათ ადგილას ხეების დარგვაა დაგეგმილი.

ჟენევა, შვეიცარია

ჟენევის ტერიტორიის 20%-ს მწვანე სივრცეებს უკავია, რაც საერთო ჯამში 310 ჰექტარ ფართობს იკავებს. ქალაქში სულ დაახლოებით 500 000 ხეა. ამასთანავე, ჟენევაში უამრავი პარკი, სკვერი, მოედანი და რეკრეაციული სივრცეა, რაც მას საცხოვრებლად ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად აქცევს.

ფრანკფურტი, გერმანია

გერმანიის ქალაქი ფრანკფურტი 2014 წელს ევროპის „ხეების ქალაქად“ აღიარეს, რადგან ქალაქში მწვანე ზონეს 5 800 ჰექტარი ტერიტორია უკავია. ამასთანავე, სპეციალურ სამსახურთან ერთად ქალაქის მოსახლეობა თითოეულ ხეზე საგულდაგულოდ ზრუნავს.

საკრამენტო, აშშ

ქალაქი საკრამენტო კალიფორნიის შტატში მდებარეობს და აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ქალაქად ითვლება. აქ ფორთოხლის, მანდარინისა და ლიმონის ათასობით ხის დარგვა 1923 წლიდან დაიწყეს, რის გამოც ქალაქი ერთ დიდ „ხეხლილის ბაღს“ დაემსგავსა.

იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

იოჰანესბურგი სამხრეთ აფრკის რესპუბლიკის ყველაზე დიდ ქალაქს წარმოადგენს. ქალაქის ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად 2010 წელს აქ 200 000-ზე მეტი ხე დარგეს. ქალაქის გამწვანება მას შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობს.

დურბანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

რეიტინგში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კიდევ ერთი ქალაქი- დურბანი მოხდვა. დურბანის მთლიანი ტერიტორიის 24% ხეებითაა დაფარული. ქალაქში უამრავი ავოკადოს ხე დგას, რომელთა მორწვყა და დაგემოვნება ნებიმიერ მსურველს შეუძლია.

კემბრიჯი, აშშ

ქალაქი კემბრიჯი მასაჩუსეტსის შტატში მდებარეობს. მისი მოსახლეობა ქალაქის გამწვანებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული. კემბრიჯში შეიმუშავეს სპეციალური ინტერაქციული რუკა, რომელიც მოსახლეობას ატყობინებს ქალაქის რომელ ნაწილშია საჭირო დამატებითი ხეების დარგვა.

ვანკუვერი, კანადა

რეიტინგის მე-3 ადგილს კანადის ქალაქი ვანკუვერი იკავებს. ის ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მწვანე ქალაქია. ქალაქის ხელისუფლება და მოსახლოება მის გასამწვანებლად ძალას არ იშურებენ. ამათანავე ნახშირორჟანგის გამოყოფის სიმცირის მიხედვით ვანკუვერი მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.

სიდნეი, ავსტრალია

ქალაქმა გამწვანების გერნალური გეგმა რამდენიმე წლის წინ შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის სიდნეიში 5 მილიონზე მეტი ხე იქნება და ისინი ქალაქის მთლიანი ტერიტოიის 40%-ს დაიკავებენ.

სინგაპური

მსოფლიოში ყველაზე მწვანე ქალაქის სტატუსს სინგაპური იკავებს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ქალაქ-სახელმწიფოში 7 მილიონზე მეტი ხეა. ამასთანავე ყოველწიურად აქ დამატებით 50 000-ზე მეტ ხეს რგავენ. ქალაქში ეკოლოგიურ მდგმარეობსა და გამწვანებას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ.

ბექა ბერიაშვილი