სახელმწიფო უწყებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12,7%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წლეულს იანვარ-სექტემბერში ამ დანაშაულის 65 შემთხვევა აღირიცხა, მაშინ როცა შარშან - 58. თუმცა სამოხელეო დანაშაული ასევე მოიცავს ქრთამის აღებასა და მიცემას, სამსახურებრივ გულგრილობასა და სიყალბეს, შესაბამისად, ჯამურად თუ შევხედავთ, სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა 9 თვეში, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, 12,21%-ით არის შემცირებული. ზოგადად კი წლიდან წლამდე სახელმწიფო მოხელეების დანაშაულში მხილების სტატისტიკა დიდად არ იცვლება და 400-დან 600 შემთხვევამდე მერყეობს. მეტიც, ზოგჯერ წინა წლის მონაცემს ემთხვევა: 2015 წელს სამოხელეო დანაშაულის 592 შემთხვევა აღინუსხა, 2016-2017 წლებში - ორივეჯერ 503, 2018 წელს 645 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო წლევანდელ 9 თვეში - 453.
"მილიონს თუ კაპიკი დააკლდა, მილიონი აღარ არის"
წლის ბოლომდე ორიოდე თვე რჩება და უკვე წლიურ სტატისტიკაში მოხვდება ფოთის ყოფილი მერისა და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის დაკავება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნოემბრის დამდეგს 4 პირი დააკავა, რომელთაგან 3 მოქმედი, ხოლო 1 ყოფილი საჯარო მოხელეა. გამოძიების ცნობით, 2015 და 2017 წლებში ფოთის მერიამ ქალაქში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის ორი ხელშეკრულება გააფორმა. გამოძიების ინფორმაციით, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების დოკუმენტებში შეჰქონდათ გაზრდილი მონაცემები და ამ გზით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს, ჯამში 528.821 ლარს. ფოთის მერიის თანამშრომლები კი შესაბამისად არ რეაგირებდნენ, ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას და ამით კომპანიების ხელმძღვანელებს ხელს უწყობდნენ თაღლითობაში. გამოძიების ინფორმაციით, ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ფოთის მერიის ხელმძღვანელმა 170.000 ლარი აიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა (სუს-ი) და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურებმა ბოლო რამდენიმე თვეში საჯარო მოხელეების არაერთი დანაშაული გახსნეს, თუმცა ყველა მათგანი საშუალო ან დაბალი რგოლის მოხელეებს ეხება. მაგალითად, ოქტომბერში სამართალდამცავებმა ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 3 პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთი სასაზღვრო სამსახურის პატრულ-ინსპექტორია, პირობითი გამოსაცდელი ვადით გათავისუფლებული პირისგან, რომელსაც შეზღუდული ჰქონდა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა, 5.000 დოლარი აიღეს და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარნენ.
ცოტა ხნის წინ სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა ქარელის საკრებულოს წევრი და მერის წარმომადგენელი ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში. გამოძიების ცნობით, საკრებულოს წევრი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ 2.000 ლარის სანაცვლოდ ქარელის მერის წარმომადგენელს ყალბ მონაცემებს შეატანინებდა საქონლის შეძენის დამადასტურებელ ცნობაში, თითქოს თავის მიწის ნაკვეთზე მოყვანილი 20 ტონა პროდუქტი ამ მოქალაქეს მიჰყიდა.
აგვისტოში ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, საკრებულოს წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა სანაპირო ზოლში სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას. 12 845 კვმ ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვის საკითხი საკრებულოს სხდომაზე გავიდოდა და საკრებულოს წევრს უნდა მოეხერხებინა დეპუტატების დაყოლიება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. სანაცვლოდ მან შესყიდვით დაინტერესებული პირისგან 1 კვმ-ზე 4 დოლარი მოითხოვა, ჯამში 51.380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ 1.000 დოლარი აიღო. საკრებულოს წევრს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საშუალო და დაბალ სამოხელეო რგოლში დანაშაულის კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. კორუფციის თემებით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სტატისტიკა რეალურ სურათს ვერ გვაჩვენებს, რადგან ელიტური კორუფცია ჩვენს ქვეყანაში ხელშეუხებელია და, ფაქტობრივად, გამოუძიებელი რჩება.
ორმაგი სტანდარტი?!
ერეკლე ურუშაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევითი პროექტების ხელმძღვანელი ანტიკორუფციული რეფორმების სფეროში: "კორუფციის შეფასებისთვის, შსს-ს სტატისტიკის გარდა, არსებობს საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სადაც არცთუ კარგი სურათი გვაქვს. მაგალითად, ბოლო პერიოდის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს თუ გადავხედავთ, მოქალაქეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ კორუფცია საჯარო მოხელეებში საკმაოდ გავრცელებულია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" წლეულს 20 თებერვლიდან 5 მარტამდე კვლევა ჩაატარა და ქვეყნის მასშტაბით 2087 მოქალაქე გამოჰკითხა. 59% ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები თანამდებობას ბოროტად იყენებენ, ხოლო 36% ფიქრობს, რომ იგივე ქმედება გავრცელებულია პირადი მიზნების მისაღწევად.
რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზნებს, ის რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედება გავრცელებულია, მიიჩნევენ, რომ მისი მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების დასაქმება (91%), საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა (86%), ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა (79%) და სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება (58%).გამოკითხულთა უმრავლესობა - 52% ასევე ფიქრობს, რომ თანამდებობის პირებში გავრცელებულია სახელმწიფო შესყიდვებში ამა თუ იმ კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭება.
51%-ს კი მიაჩნია, რომ კორუფციის შემთხვევებს სათანადოდ არ იძიებენ, როცა საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს შეეხება.
სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ დაბალ და საშუალო დონეზე ბიუროკრატიაში კრიმინალს მართლაც ეფექტურად უმკლავდებიან ჩვენი სამართალდამცავები და კორუფციის გამოვლენის ასობით შემთხვევა გვაქვს ყოველწლიურად, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის მიერ გავრცელებული ცნობები, რომლებიც შეეხება შედარებით მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობას კორუფციაში და ამაზე ეფექტიანი რეაგირება არ ხდება. ანუ საქმე გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის ორმაგ სტანდარტთან, როდესაც ხელისუფლება ცალი ხელით ებრძვის კორუფციას დაბალ და საშუალო სამოხელეო რგოლში, ხოლო ე.წ. ელიტური კორუფცია ხელშეუხებელია.
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა სამართალდამცავების არაკვალიფიციურობასთან, რომლებიც თითქოსდა ვერ უმკლავდებიან მაღალი დონის კორუფციას, არამედ პოლიტიკური ნების არარსებობასთან, სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხთან, პროფესიონალური ავტონომიის არქონასთან. თუ ქვეყანაში კორუფციის გამო მაღალი რანგის თანამდებობის პირს აკავებენ, ის ან წინა ხელისუფლების წარმომადგენელია, ან მოქმედი ხელისუფლების, რომელსაც მმართველ პარტიასთან კონფლიქტი მოუვიდა.
ერთია დანაშაულზე რეაგირება, მაგრამ არსებითია კორუფციის რისკების მართვა და პრევენცია. მართალია, გვაქვს ანტიკორუფციული კანონმდებლობა, რომლითაც დაწესებულია შეზღუდვები თანამდებობის პირებისთვის (ინტერესთა კონფლიქტი, საჩუქრების მიღება და სხვ.), მაგრამ ამ კანონის აღსრულების მექანიზმები ძალიან სუსტია, ცუდად მუშაობს და სამართალდამცავ უწყებებს რეაგირება უკვე დანაშაულის შემდეგ უწევთ.
თუმცა დადებითიც შეიძლება ითქვას. მაგალითად, სახელმწიფო სერვისების სფეროში კორუფცია, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს და ჩვენი გამოკითხვის მიხედვით, 1%-ზე დაბალია იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ამბობს, რომ სახელმწიფო სერვისების მიღების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს.
სისტემური პრობლემების დასაძლევად საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და მისი დაცულობა პარტიული გავლენისგან, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი შეუწყოს უფრო პლურალისტური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა პარლამენტის არჩევის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა".
"ვითარება არ უმჯობესდება"
მარიამ მაისურაძე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი: "ჩვენი ორგანიზაცია წლებია ითხოვს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიება არ უმჯობესდება. ამის საჭიროებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ადასტურებენ. მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ლაპარაკია საქართველოში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული მექანიზმის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. იგივე რეკომენდაცია გვქონდა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისგან. აღარაფერს ვამბობ, რომ ამაზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები რეგულარულად მიუთითებენ.
დღეს კორუფციასთან ბრძოლა გადანაწილებულია რამდენიმე სამართალდამცავ უწყებაში და არც ერთისთვის ეს მიმართულება ძირითად საქმიანობას არ წარმოადგენს.
არადა, ყოველ წელს მჟღავნდება არაერთი სავარაუდო ფაქტი, სადაც მაღალი რანგის სამოხელეო დანაშაულის ნიშნები იკვეთება (მათ შორის არის ბიზნესში უკანონო ჩარევა, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, უკანონო გამდიდრება, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების დარღვევა და სხვ.), თუმცა ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა, ფაქტობრივად, არ ხდება.
IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოების ლეგიტიმურ შეკითხვებს".
P.S. წლევანდელი მონაცემები ჯერ არა გვაქვს, მაგრამ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ "კორუფციის აღქმის ინდექსის" 2018 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 58 ქულა აქვს და 41-44-ე ადგილებს იყოფს ლატვიასთან, ესპანეთთან, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებთან.
რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუმჯობესდა 2017 წელთან შედარებით, თუმცა (კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად) 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოა. აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა შედეგი კვლევაში 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა (უკეთესობისკენ ან უარესობისკენ). ასევე გასათვალისწინებელია, რომ კვლევაში ასახული არ არის 2018 წლის მიწურულს გახმაურებული მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები, რომლებმაც მომავალში შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე.
2018 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიაში (88 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში (10 ქულა).
წყარო: „კვირის პალიტრა"