ოქტომბერში დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა -  საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ რუსეთია

ოქტომბერში დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა - საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ რუსეთია - ამის შესახებ აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

ორგანიზაციის სტატისტიკით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 890,9 ათასი ტონა, რაც 19,3 ათასი ტონით ანუ 2,1%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (910,2 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 456,3 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4,5 ათასი ტონით ანუ 1,0%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 434,6 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 23,8 ათასი ტონით ანუ 5,2%-ით).

„მიმდინარე წლის სტატისტიკა დიზელის საწვავთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გამოსწორდა ბოლო 2 თვის განმავლობაში, როდესაც განხორციელდა იმპორტის მაღალი მოცულობები. კერძოდ, მ/წლის ოქტომბერში განხორციელდა 58,6 ათასი ტონა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც სექტემბრის მაჩვენებლთან შედარებით თითქმის 10 ათასი ტონით მეტია. მომავალ თვეებში გამოჩნდება ზუსტად, თუ რითია განპირობებული იმპორტის ზრდა. კერძოდ, მოხდა აღურიცხავი პროდუქციის შემცირება თუ ხდება აღნიშნული პროდუქციის გარკვეული მარაგების შექმნა.

რეალურად ყველა ის ფაქტორი, რომელიც დიზელის საწვავის მოხმარებას განსაზღვრავს (ავტოპარკი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, გადაზიდვები), მაღალ მაჩვენებელზეა და შესაბამისად, მიმდინარე წელს უნდა დაფიქსირდეს დიზელის საწვავის იმპორტისა და მომხმარების მაღალი მაჩვენებელი“, - აღნიშნუილია განცხადებაში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბენზინის საწვავის იმპორტი და მოხმარება მიმდინარე წელს იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაზრდილია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი (დღეისათვის დაახლოებით საქართველოში 80 ათასამდე ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს). რომლის საწვავის ხარჯიც მნიშვნელოვნად ნაკლებია სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.

„ასევე მნიშვნელოვნად იზრდება თხევადი აირის (LPG) მოხმარება, რომელიც არის ბენზინის საწვავის ალტერნატიური პროდუქტი დღეისათვის დაახლოებით შვიდი ათასამდე სატრანსპორტო საშუალება, 200 გაზგასამართი სადგური, აღნიშნული ციფრი მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება, მიზეზი გახლავთ ფასთა შორის სხვაობა ბენზინის საწვავსა და თხევად აირს ( LPG) შორის. თითქმის მსგავსი ფასთა შორის სხვაობაა ბუნებრივ აირსა და ბენზინის საწვავს შორის“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 301,1 ათასი ტონა ანუ 66,0%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 146,3 ათასი ტონა ანუ 32,1%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 8,9 ათასი ტონა ანუ 8,9%.

ქვეყნების მიხედვით - 2019 წლის 10 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 274,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 243,3 ათასი ტონა (27,3%), აზერბაიჯანი - 124,2 ათასი ტონა (13,9%), თურქმენეთი - 103,7 ათასი ტონა (11,6%); ბულგარეთი - 77,9 ათასი ტონა (8,7%), საბერძნეთი - 49,6 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი - 16,0 ათასი ტონა (1,8%) და სხვა.