ევროკავშირის მხარდაჭერით FAO-მ ლაგოდეხში მექანიზაციის საველე დღე მოაწყო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის მექანიზაციის საველე დღე მოაწყო.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და გამოეცადათ ტრაქტორები და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომლებიც მექანიზაციის ერთ-ერთმა მომწოდებელმა კომპანიამ, აგრომოტორსმა წარმოადგინა. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის კონსერვაციული მეთოდების გამოყენების უპირატესობებს, მათ შორის, მიწის მინიმალურ დამუშავებას. ეს მეთოდები პროდუქტიულობის ზრდისკენ არის მიმართული და, ამავდროულად, ამცირებს კლიმატის ცვლილების რისკებს და სასათბურე გაზების ემისიას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ტექნიკა მიწის ამ მეთოდით დამუშავებისთვის გამოიყენება.

მათივე ინფორმაციით, FAO-ს აგრონომმა, ალან პინედამ კონსერვაციული მეთოდის უპირატესობებზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითები მოიყვანა, როცა მოსავლის რაოდენობა და შემოსავალი საგრძნობლად გაზარდეს ფერმერებმა მიწის მინიმალური დამუშავებით. სიმინდის მწარმოებელმა ფერმერმა, მუხრან მეტრეველმა სოფელ ჭიაურიდან, საკუთარი პოზიტიური გამოცდილება გაუზიარა დამსწრეებს. ამ სეზონზე, მან ევროკავშირის მხარდაჭერით FAO-ს ექსპერტებთან ერთად 3 ჰექტარის ფართობზე სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყო, სადაც მიწის მინიმალური დამუშავების მეთოდი გამოიყენა. შედეგად, მიწის სიმშრალის პირობებში, მოსავალი ბევრად უკეთესად განვითარდა.

„ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს FAO-ENPARD-ის მიმდინარე საგრანტო კონკურსზე, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ინიციატივის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.