”აგროდაზღვევის პროცესი საკმაოდ ეფექტურად დაიწყო”

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, აგროდაზღვევის პროცესი საკმაოდ ეფექტურად დაიწყო.

როგორც ოთარ დანელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შემოსულია განაცხადები და სადაზღვეოები მუშაობენ. მინისტრის განცხადებით, ეს არის საპილოტე პროექტი, ერთი წლის ვადით, თუმცა პარალელურ რეჟიმში მუშაობენ სახელმწიფო სადაზღვევო პროექტზე, რომელიც მიიღებს საბოლოო სახეს და იქნება მუდმივმოქმედი.

"ეს არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც უკავშირდება ზარალს. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა სისტემურად იყოს ყველა პრობლემა მოგვარებული", - განაცხადა დანელიამ.

მინისტრის თქმით, დაზღვევა ეხება ჭარბ ნალექს, ქარს და შედის ბევრი სხვა კომპონენტი.

"არ შედის გვალვა და მინდა ამას ხაზი გავუსვა - ზოგადად პრაქტიკაში ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, გვალვა არ იზღვევა, იმიტომ, რომ ძალიან მაღალია რისკები და მასზე ადამიანის ზემოქმედება ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვალვის ნაწილში, შეიძლება უზრუნველყოფა მოხდეს სარწყავი წყლით და ჩვენ ამას გავაკეთებთ", -განაცხადა ოთარ დანელიამ.