საჯარო დაწესებულებებში დასაქმების მსურველებს შესაძლოა, დამატებით ცნობის წარდგენა დასჭირდეთ, რომ აზარტულ თამაშებში არ არიან ჩართული.
ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.
კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტი მიზნად ისახავს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ პირთა აზარტული და მომგებიან თამაშობებში ჩართვის პრევენციას.
„პროექტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასაქმებული პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტით.
წარმოდგენილი კანონპროექტი, გავლენას მოახდენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებიც ჩართულნი არიან აზარტულ და მომგებიან თამაშობებში. კერძოდ, მათ აეკრძალებათ აზარტული და მომგებიან თამაშობებში ჩართვა. სამწუხაროდ სახელმწიფო არ ფლობს არავითარ ციფრს თუ რამდენი ადამიანია ჩართული აზარტულ და მომგებიან თამაშოებებში.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასსხვა საჯარო სამსახურში ძირთადად ძალოვან უწყებებში შიდა განაწესით აკრძალულია აზარტულ და მომგებიან თამაშოებებში მონაწილეობა, ისინი სხვა პირის შექმნილი ექაუნთებით მაინც იღებენ მონაწილეობას, რაც გვაფიქრებინებს შემდეგს, რომ საჯარო მოსამსახურეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია აზარტულ და მომგებიან თამაშობებში. 2018 წლის მონაცემებით, საჯარო სამსახურში სხვადასხვა ფორმით მუშაობს 283 800 ადამიანი. რაც შეეხება გავლენას მათ აეკრძლებათ აზარტულ და მომგებიან თამაშოებებში მონაწილობის მიღება და დღეს მოქმედი აქუნთები იქნბა გაუქმებული,“-ვკითხულობთ პროექტში.
ამასთან, კანონრპოექტის თანახმად, კანონის ამოქედების ვადად 2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება.
ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.