2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარს (10.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ აშშ დოლარს (3.1 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, 4 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა და 1 889.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 685.2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 14.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 1 889.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (9.0 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 574.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.8 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28.0 პროცენტით განისაზღვრა.
2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 610.6 მლნ აშშ დოლარის საქონელი, რაც 22.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 927.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (12.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 537.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 7.4 პროცენტი იყო,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.