მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა

2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.1 პროცენტი შეადგინა.

„2019 წლის მე-3 კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.8 და 0.9 პროცენტული პუნქტით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.4 პროცენტული პუნქტით,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

„უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის მე-3 კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალებში, ისე კაცებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 54.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 71.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი თითქმის თანაბრად არის შემცირებული როგორც ქალებში, ისე კაცებში შესაბამისად, 1.9 და 2.0 პროცენტული პუნქტით.

2019 წლის მე-3 კვარტალში როგორც ქალების, ისე კაცების დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული,“-ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი