ბიზნესს ყოველთვის სტაბილური და განჭვრეტადი გარემო უნდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ სასტუმრო „რუმსში" განუცხადა, სადაც ბიზნესასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ესწრება.
როგორც ფხაკაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, მნიშვნელოვანია ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელთანაც ასოციაციას ეფექტური თანამშრომლობა აქვს.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატი დადებით როლს ასრულებს, რომ ბიზნესის წიაღში არსებული პრობლემები მარტივად მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, ახალ ბიზნესომბუდსმენთან ეფექტური თანამშრომლობა გაგრძელდება“, - აღნიშნა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ბიზნესომბუდსმენთან დააყენებენ, შრომით კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებია.