დარწმუნებული ვარ, მიხეილ დაუშვილი იქნება ყველაზე სწორი და ეფექტური მედიატორი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრება.
„მინდა იცოდეთ, რომ მიხეილ დაუშვილი ჩემი ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში შემოუერთდა აპარატს. მაშინ თუ გახსოვთ, ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკური საბჭო მჭიდროდ მუშაობდა. მაშინ ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი იყო ის, რომ გვჭირდებოდა ძლიერი კორპორატიული სამართლის მქონე ადამიანი და კერძო სექტორიდან წამოვიყვანეთ ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ყველაზე სწორი და ეფექტური მედიატორი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. ძალზე მნიშვნელოვანია, პირდაპირი და სწრაფი კავშირი და მიხეილ დაუშვილს ეს პირდაპირი და სწრაფი კავშირი ექნება.
თითოეული პრობლემა, რომელიც მივა მასთან, მინდა იცოდეთ, პირდაპირ დაპირების სახით, რომ იმ დღესვე რამდენიმე წუთისა თუ საათის განმავლობაში, მოვა ჩემთან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ჩათვალეთ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი დღეს და მინდა იცოდეთ, რომ ეს არის შემოთავაზებული თამაშის წესები, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხვალიდან უკვე ვმუშაობთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.