„უახლოესი წლების განმავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება"

უახლოესი წლების განმავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრება.

პრემიერის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორი გახლავთ თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი.

„ეკონომიკისა და ბიზნესისთვის სტაბილური გარემო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, რომლიც ხდება ხან ქუჩაში, ხან პარლამენტში, ხან მედიაში და სხვადასხვა ადგილებში, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს და მიაღწევს მიზანს, რომ გარემო იყოს სტაბილური, განჭვრეტადი და რაც მთავარია, პოზიტიური. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს საარჩევნო წელიწადი წყნარად, მშვიდად ინვესტიციების თვალსაზრისით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით და კიდევ ბევრი საკანონმდებლო ცვლილების თვალსაზრისითაც თქვენთვის, პირველ რიგში, იყოს პროგნოზირებადი. ამაში ჩათვალეთ, რომ ჩართული იქნება ბიზნესომბუდსმენიც, მთლიანად მთავრობა, თითოეული სამინისტრი თავის მინისტრთან ერთად და მეც, იმიტომ რომ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორი გახლავთ თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი. თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი ამასთან ერთად ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ახალი დამატებითი სამუშაო ადგილების შემქმნელი და, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი. ამიტომ ჩვენ ვართ პარტნიორები ნებისმიერ დონეზე. მინდა იცოდეთ, რომ სულ რაღაც ერთ თვეში, წლის ბოლომდე ის საცობები, რომელიც ბიუროკრატიული სადღაც გაგვიჩნდა, ამ პრობლემებს ჩვენ ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ. ამას თქვენ იგრძნობთ კონკრეტული პრობლემების მოგვარების ტექნოლოგიასა და პროცესებში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, საჭიროა ერთად მუშაობა იმისთვის, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები და ქვეყანაში იყოს მეტი ძლიერი ქართული კომპანია, ქართული ბიზნესი და ამგვარად გაიზარდოს ეკონომიკა.