„2005 წლის შემდეგ პირველად, ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთს ეწვევა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და რომლის დროსაც გადაწყდა შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა 14- წლიანი პაუზის შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ნათია თურნავა ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქეთის ვაჭრობის მინისტრ რუსარ ფექჩანთან.

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ნათია თურნავას მოხსენება. ის, როგორც კომისიის თანათავმჯდომარე, ხელს მოაწერს კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები. მათ შორის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

„საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი - შერეული ეკონომიკური კომისია 2005 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა და მისი აღდგენა რამდენიმე კვირის წინ, კერძოდ, 31 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტისას გადაწყდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.