"ყველას მინდა ვთხოვო, მეტი დრო დაუთმონ იმაზე ფიქრს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სტაბილური გარემო"

ყველას მინდა ვთხოვო, მეტი დრო დაუთმონ იმაზე ფიქრს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სტაბილური გარემო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა.

კითხვაზე, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები როგორ აისახება ბიზნესზე, ფხაკაძე ხაზს უსვამს, რომ ასოციაცია არაა პოლიტიკური ორგანიზაცია. მისივე თქმით, ბუნებრივია პოლიტიკური არასტაბილურობა ცუდ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენთაგანზე და ჩვენს აღქმებზე.

„ბოლომდე მწამს და ყოველთვის მჯეროდა, რომ ძლიერი ბიზნესი წარმატების ქვაკუთხედია. ძლიერი ბიზნესი ქმნის ძლიერ ეკონომიკას. ესაა ძირითადი, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და მეტი შემოსავალი ჰქონდეს თითოეულ ოჯახს“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.