ჩვენი მიზანია, უსწრაფესად შევხვდეთ ყველა ბიზნესს. ყველა ასოციაციას და დღევანდელი დღე იყო დასაწყისი ამ შეხვედრების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალმა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
დაუშვილის განმარტებით, შეხვედრების მიზანია, გაეცნოს ბიზნესის პრობლემებს.
"მიზანია, გავიგოთ ბიზნესის პრობლემების შინაარსი, მოვძებნოთ გადაწყვეტის გზები და შემდგომ მაქსიმალურად სწრაფად, შესაბამის ადმინისტრაციულ უწყებებთან ერთად გადავწყვიტოთ ეს პრობლემები.
ჩვენი გეგმაა, რომ თუ სადმე რამე პრობლემა ჭიანურდება ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, ეს დავაჩქაროთ და დავეხმაროთ ბიზნესს, რომ ბიზნესპროცესი ჰქონდეს გამართული და იმუშაონ ეფექტურად", - განაცხადა დაუშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.