მიკროავტობუსებში შესაძლოა, ფეხზე დგომა აიკრძალოს

თბილისის მთავრობა და შპს "თბილისის მიკროავტობუსი" კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე შეთანხმდნენ.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, მოიხსნება ფეხზე დგომის, კონდიციონერის, მიკროავტობუსის ხელმისაწვდომობის და სხვა პრობლემები.

"ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ზაფხულში მიკროავტობუსებში კონდიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, მგზავრთა გარკვეული ნაწილი დგას ფეხზე და უქმნის დისკომფორტს იმ ადამიანებს, რომლებიც სხედან. ცალკეული უბნები იქნა წარმოდგენილი გამგებლების მიერ, სადაც მიკროვატობუსების ხელმისაწვდომობა არასაკმარისია. არის უბნები, სადაც საერთოდ არ მიდის მიკროავსტობუსები. შევთანხმდით, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნება და მგზავრები ფეხზე აღარ იდგებიან. ამასთან დაკავშირებით თავის წინადადებებს შპს "თბილისის მიკროავტობუსი" წარმოადგენს. მომდევნო წლის გაზაფხულიდან ჩაირთვება კონდიცირების სისტემა, რათა ეს პრობლემა მოიხსნას მგზავრებისთვის. ბოლო გაჩერებებზე მოხდება სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება და სველი წერტილების განთავსება", - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება მგზავრობის ფასის გადახედვის საკითხს, ნარმანიას განმარტებით, ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, თუ რამდენად შესაძლებელია ტარიფების ცვლა.

თბილისის მერი გამგებლებთან ერთად მერიაში შპს "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებს შეხვდა.