გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
მომდევნო დღეების განმავლობაში გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია თოვლი დედაქალაქსა და მაღალმთიან რაიონებში.
ტემპერატურის კლებასთან ერთად იზრდება გზებზე ტრანსპორტით გადაადგილების დროს მოცურების, ავტომობილის ვერდამორჩილების და საგზაო შემთხვევის საშიშროება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მართვისას გამოვიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება და ავტომობილი გვყავდეს ზამთრის სეზონისთვის მომზადებული. აუცილებელია შევამოწმოთ საბურავების მდგომარეობა, სპეციალისტები გვირჩევენ ტემპერატურის კლებისთანავე შევცვალოთ ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით.
ზამთრის საბურავები სპეციალურად ცივ და თოვლიან გზაზე გადაადგილებისთვის არის შექმნილი, ის გვაძლევს საუკეთესო შედეგს, როგორც დამუხრუჭებისას ასევე მანევრის შესრულების დროს. სასურველია შევარჩიოთ საბურავი იმის მიხედვით, თუ რა გარემო პირობებში გვიწევს ძირითადად გადაადგილება.
ზამთარში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ავტომობილი ტექნიკურად გამართული გვყავდეს, გავუკეთოთ რეგულარული სერვისი და შევამოწმოთ სამუხრუჭე სისტემები, ანტიფრიზი, აკუმულატორის მდგომარეობა, სავალი ნაწილი და ა.შ. გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას.