თურქეთის ეროვნული კრება (პარლამენტი) მიმდინარე კვირას განიხილავს კანონპროექტს, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში ცხოვრების საფასურის შემოღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ადგილობრივი Hurriyet-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, პარლამენტი განიხილავს სხვადასხვა გადასახადების შემოღების ან შეცვლის საკითხს, რომელთა შორის არის ასევე სასტუმროში ცხოვრების საფასურის საკითხიც. როგორც მოსალოდნელია გადასახადი განისაზღვრება საცხოვრებლის საფასურის 2%-ით და ის შესაძლოა, 2020 წელს ამოქმედდეს.
მეორე თურქული გამოცემის Sozcu-ს ინფორმაციით კი, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს აქვს უფლება გაზარდოს ან შეამციროს ტარიფის მოცულობა.
აღნიშნულ კანონპროექტის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ არამხოლოდ თურქული ტუროპერატორები, არამედ პოლიტიკოსებიც. ასე მაგალითად, პარლამენტში ანტალიის რეგიონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ ეს კანონი ამოქმედდება, ის უნდა შეეხოს მხოლოდ უცხოელ ტურისტებს და არა ადგილობრივებს.
კანონპროექტის ინიციატორია ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია.