2019 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 9.2 პროცენტით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ფასების 0.4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0.35 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების შემცირება ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (1.8 პროცენტი).
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რამაც 0.11 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიან ინდექსზე.
„12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 9.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 7.88 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (10.5 პროცენტი), ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (38.2 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (6.8 პროცენტი);
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: დაფიქსირდა ფასების 16.7 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.09 პროცენტული პუნქტით აისახა;
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რამაც 0.27 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.