სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში 98 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.
მათგან 23.5 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15.3 პროცენტი - კახეთში, 12.2 პროცენტი - იმერეთში, 12.2 პროცენტი - შიდა ქართლში, 10.2 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.5 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 135 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 28.1 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 71.9 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 714.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2019 წლის მე-3 კვარტლის განმავლობაში 10 090.0 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 35.7 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 39.4 პროცენტი - ფრინველის, 17.9 პროცენტი - ღორის, 6.8 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
ამასთან, ოფიცილური მონაცემებით, მომსახურება გაეწია 10.4 ათას პირს, საიდანაც 39.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 889 კაცი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 24.9 ლარი, ცხვრის ან თხის - 10.7 ლარი, ხოლო ღორის - 22.8 ლარი. მაშინ როცა მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში - 23.9 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 8.4, ხოლო ღორის - 21.7 ლარი იყო.