"რეზონანსი" - ხვალიდან თუთუნის ფასი გაორმაგდება - გაძვირება უკვე დაწყებულია

ხვალიდან თუთუნის ფასი გაორმაგდება. მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც როგორც აქციზი, ასევე ადვალური გადასახადიც შესახვევ თამბაქოზე გაიზრდება. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტში 175 მლნ ლარით შემცირებული აქციზის გადასახადის გამო მიიღო, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დანაკლისი უფრო მეტად კონტრაბანდის შედეგია, რომელიც კიდევ გაიზრდება.

21 ნოემბრიდან ე.წ. შესახვევ თამბაქოზე (თუთუნი) და თამბაქოს ნედლეულზე აქციზის გაზრდილი განაკვეთი ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ 1 კგ თამბაქოს ნაწარმი, დღეს მოქმედი 35 ლარის ნაცვლად, 60 ლარით დაიბეგრება. ცვლილება უფილტრო სიგარეტზე ადვალური გადასახადის 30%-მდე ზრდასაც ითვალისწინებს. ამ ცვლილების შედეგად თამბაქოს ნაწარმზე ფასები კვლავ მოიმატებს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. თუთუნი, რომელიც 70 ლარი ღირდა (1 კგ), დღეს უკვე 110 ლარი ღირს, კვირის ბოლომდე კი ფასი უფრო გაიზრდება.

ამ დროისთვის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი ფიქსირებულის ნაწილში თანაბარი განაკვეთით, 1,7 ლარით იბეგრება, ხოლო ადვალურის ნაწილში კი - ფილტრიანი 30%-ით და უფილტრო 10%-ით. აქციზის განაკვეთი ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მოწევის შემცირების აუცილებლობით ახსნა, თუმცა ამ რეგულაციას შედეგი არ მოუტანია. მწეველთა დიდი ნაწილი დაბალი ხარისხის ე.წ. გასახვევი თამბაქოს მოხმარებაზე გადავიდა, რომელიც ქვეყანაში დაუბეგრავად შემოდის. შესაბამისად, შემცირდა აქციზის გადასახადიდან მისაღები შემოსავლები - 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ბიუჯეტში ამ გადასახადის სახით დაგეგმილზე 175 მილიონი ლარით ნაკლები თანხა შევიდა. ამგვარი შედეგის გამო, მთავრობა გასახვევი თამბაქოს დაბეგვრის გადაწყვეტილებამდე მივიდა.

რა გავლენა მოახდინა თამბაქოს აქციზის ზრდამ მთლიან სექტორზე, საკონსულტაციო კომპანია "ეისითი იმპაქტმა" შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ მწეველების დაახლოებით მესამედმა სიგარეტი უფრო იაფფასიანი გადასახვევი თამბაქოთი ჩაანაცვლა, ამან კი უკუშედეგი გამოიწვია. ერთი მხრივ, მომხმარებელი იძულებული გახდა გადასულიყო გაურკვეველი წამომავლობის ნაწარმის მოხმარებაზე და მეორე მხრივ, იზარალა სახელმწიფო ბიუჯეტმა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ შესახვევ თამბაქოზე რეგულაციების დაგეგმილი გამკაცრებას მნიშვნელოვანი შედეგი არ ექნება.

„კვლევამ აჩვენა, რომ მწეველების მესამედმა სიგარეტი ე.წ. გასახვევი თამბაქოთი ჩაანაცვლა. ვინც ე.წ. შესახვევ თამბაქოს მოხმარებაზე არ გადასულა, მათი 14-15% ფიქრობს, დაიწყოს მისი მოხმარება. შესახვევ თამბაქოზე რეგულაციები კი გამკაცრდა, მაგრამ ფასებს შორის სხვაობა მაინც დიდია, ამიტომ ეს მწეველთა მოტივაციას, სიგარეტი გასახვევი თამბაქოთი ჩაანაცვლონ, არ შეცვლის. რეგულაცია მაღალშემოსავლიან მომხმარებლებზე, რა თქმა უნდა, არ იმოქმედებს, მაგრამ დაბალი სოციალური ფენის მწეველებში ჩანაცვლების ტენდენცია ისევ გაგრძელდება. ვიდრე საგადასახადო პოლიტიკა არ გადაიხედება და არ მოხდება რეგიონალური სურათის გათვალისწინება და სანამ კონტრაბანდის შემოდინება არ იქნება მინიმალურ დონეზე დაყვანილი, ეს ტენდენცია შენარჩუნდება”, - აღნიშნა ორგანიზაციის წამყვანმა ეკონომისტმა ლიკა გოდერძიშვილმა.

ბოლო წლების განმავლობაში, კონტრაბანდა თამბაქოს ფასის ზრდის პროპორციულად იზრდებოდა. მწეველთა რიცხვი კი 3% მეტით არ შემცირებულა. ეკონომიკას რეგულაციები და გადასახადები კი არა, ბიზნესი ამუშავებს და ამას სამწუხაროდ ვერ მიხვდა ხელისუფლება, - ასე ფასებს ბოლო გადაწყვეტილებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.

"ჩვენ თუ შევხედავთ ბიუჯეტის ფისკალურ ნაწილს, დავინახავთ, რომ აქციზთან დაკავშირებით მუდმივი ჩამორჩენა გვაქვს და ძირითადი პრობლემები თამბაქოს კუთხითაა. პარალელურად ვხედავთ წლიდან წლამდე გაზრდილ კონტრაბანდის წილს. აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა არის მთავარი მიზეზი. უნდა გავიხსენოთ პრემიერის ბოლო შეხვედრაც, რომელზეც მან პრაქტიკულად დატუქსა შემოსავლების სამსახური, არ არის ძნელი მისახვედრი, რაში მდგომარეობდა გახარიას გაბრაზების მიზეზი. ამ რეალობაში გადასახადის ზრდით, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები ვერ გვარდება. ეკონომიკას რეგულაციები და გადასახადები კი არა, ბიზნესი ამუშავებს.

ახალ-ახალი შეზღუდვებით, სამწუხაროდ, ვერც მწეველთა რაოდენობა მცირდება. წლებია ამ მეთოდებით მუშაობს სახელმწიფო და ვერ იღებს შედეგს. წლებია ეს მხოლოდ კორუფციას ზრდის და ამ გამოწვევას ვერ პასუხობს ხელისუფლება", - აცხადებს "რეზონანსთან" ბაირახტარი.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"