ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა.
Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება, შესაბამისად, თანხის დაფარვა 3 გადახდით სრულდება, საპროცენტო განაკვეთი 0%.
აღსანიშნავია, რომ კომპანია აფიქსირებს შერჩეული საქონლის სარეალიზაციო ფასს პირველადი გადასახდელის გადახდის დღეს. ტექნიკასა და თუ ავეჯზე ფასის გაზრდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ფასი დარჩება უცვლელი. ფასის შემცირების შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ფასი შემცირდება.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეწყვეტს ხელშეკრულებას საფასურის სრულად გადახდამდე, ან მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს საქონლის საფასურის სრულად გადახდას პირველი გადახდიდან 90 დღეში, კარფური უფლებას იტოვებს დააკისროს მომხმარებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტისთვის 10%-ის ოდენობით, რომელიც დაიქვითება მომხმარებლის მიერ უკვე გადახდილი თანხიდან.